სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გადადგომის შესახებ განცხადებას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გააკეთებს.
ამ განცხადებას ელიან ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას მხარდამჭერები, რომლებიც კვლავ განაგრძობენ საპროტესტო აქციას ცხინვალის ცენტრში, რომელიც 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაბათილების წინააღმდეგ წამოიწყეს. გაუქმებულ არჩევნებში ალა ჯიოევამ კრემლის ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა.
„რია ნოვოსტი“ კოკოითის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სეპარატისტული რეგიონის ლიდერი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას შაბათს, 17 საათისთვის გააკეთებს.
„მე თქვენთან კარგი ახალი ამბებით მოვედი,“ – განუცხადა ჯიოევამ რამოდენიმე ასეულ მხარდამჭერს მიტინგზე, რომლებიც მას ოვაციებით შეხვდნენ, „იცით, რომ ჩვენი ურთიერთობების მთელი ამ წლების განმავლობაში, მე არასოდეს არ ვხელმძღვანელობდი პირადი ინტერესებით, იყო მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი, სტრატეგიული, ეროვნული ინტერესები, რომლებიც ყოველთვის უპირატესი იყო პირადზე. ასე მოვიქეცით ჩვენ ამჯერადაც. სამხრეთ ოსეთის საზოგადოება იყო სერიოზულად დაყოფილი ორად, ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ… ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება შეთანხმებაზე დაგვეხმარება, რომ მოვახდინოთ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრიობის კონსოლიდირება და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვდგავართ სერიოზული დემოკრატიული ცვლილებების გზაზე“.
განმეორებითი არჩევნები რეგიონში 25 მარტს გაიმართება. შეთანხმების თანახმად, მასში მონაწილეობის მიღების უფლება ალა ჯიოევასაც ექნება.
შეთანხმების მიღწევამდე კოკოითი, რომლის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა 7 დეკემბერს ამოიწურა, გადადგომას არ აპირებდა და რეგიონის ლიდერად დარჩენას არჩევნებამდე გეგმავდა.
თუმცა შეთანხმების თანახმად, მის ნაცვლად დროებითი ლიდერის ადგილს დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი ვადიმ ბროვცევი დაიკავებს, რომელიც რეგიონის მკვიდრი არ არის და იქ რუსეთმა გაგზავნა 2009 წლის გაზაფხულზე მთავრობის ხელმძღვანელის რანგში. გავრცელდა ინფორმაცია ჯიოევას მომხრეების მხრიდან, რომ ბროვცევის მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენელი დაინიშნებოდა; თუმცა შეთანხმების ტექსტი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ახალი ამბების სააგენტოს ვებ–გვერდზე დაიდო, ასეთ პირობას არ მოიცავს.