ჯიოევამ კოკოითს ულტიმატუმი წაუყენა


კადრი youtube–ით გავრცელებული ვიდეოდან, სადაც ალა ჯიოევა ჟურნალისტებს ესაუბრება ცხინვალის ცენტრში, 1 დეკემბერს.  

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ, რომლის მომხრეებიც ამჟამად ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ, რეგიონის ლიდერს ედუარდ კოკოითს წაუყენა ულტიმატუმი, რომ 18:00 საათამდე აღიაროს მისი გამარჯვება 27 ნოემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში.

ჯიოევა კოკოითისგან მოითხოვს გააუქმოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნები ბათილად იქნა გამოცხადებული და ასევე გააუქმოს სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის „უკანონო“ გადაწყვეტილება განმეორებითი არჩევნების მარტში დანიშვნის თაობაზე; მისი მესამე მოთხოვნაა, რომ გამოქვეყნდეს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მონაცემებითაც, ის ხმათა 16%–ით უგებს მოსკოვის მიერ ღიად მხარდაჭერილ ანატოლი ბიბილოვს.

“ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების 18:00 საათამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა სიტუაციის შემდგომ განვითარებაზე დაეკისრება სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ზურაბ კოკოევს და სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აცამაზ ბიჩენოვს“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ ჯიოევას მიმართვაზე დაყრდნობით, რომელიც უკვე ჩაბარდა კოკოითის კანცელარიაში.

იმავდროულად, სეპარატისტული მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება, რომ ჯიოევას დაახლოებით 500–მდე მხარდამჭერი სეპარატისტული მთავრობის სახლისკენ დაიძრა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ამჟამად მიტინგს მართავენ.

ამავე ცნობით, მომიტინგეები თავდაპირველად შეეცადნენ, რომ მთავრობის სახლის შესასვლელთან დაეკავებინათ ადგილი, თუმცა უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც მათ ამისკენ ოპოზიციის ლიდერებმა მოუწოდეს. მთავრობის სახლი სამართალდამცავებით არის გარშემორტყმული, სადაც ასევე დგანან ბრონირებული მანქანები.

მომიტინგეებს ჯიოევას მხარდამჭერმა და სეპარატისტული რეგიონის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ანატოლი ბარაკევიჩმა მოუწოდა, რომ არ წამოეგონ პროვოკაციებს და განაცხადა, რომ მათი აქცია უვადოა და გაგრძელდება მანამ, სანამ ულტიმატუმით გათვალისწინებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version