წინასწარი შედეგებით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნების მეორე ტურში ჯიოევა ლიდერობს

ხმების 87%–ის დათვლის შედეგად სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევა ლიდერობს, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

62 წლის ყოფილმა პედაგოგმა და ყოფილმა განათლების მინისტრმა ხმების 56.74% მიიღო, განაცხადა ცესკო–ს თავმჯდომარემ ბელა პლიევამ.

ანატოლი ბიბილოვმა, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, რომლის კანდიდატურასაც კრემლი ღიად უჭერდა მხარს, ხმების 40% დააგროვა.

ცესკო–ს ინფორმაციით, ეს ციფრები 85 საარჩევნო უბნიდან 74 უბნის შედეგებს ეფუძნება.

ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ ეთანხმება სეპარატისტული რეგიონის ცესკოს მონაცემებს და აპირებს შედეგების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას. 

"ჩვენ აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია გაგვაჩნია არჩევნებზე კენჭისყრის თაობაზე. სასამართლოს გადავცემთ ჩვენს ხელს არსებულ მონაცემებს, ისევე როგორც იმ დარღვევებს, რომლებიც დავაფიქსირეთ ხმის მიცემის დროს", – იტყობინება სეპარატისტული ხელისუფლების ვებ–გვერდი ბიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის შესახებ გააკეთა ასევე განცხადება. 

"უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენს მიერ მიღებული იქნება ისე, როგორიც ის იქნება, მაშინაც კი, თუ ის ჩვენს სასარგებლოდ არ იქნება", – აღნიშნა ბიბილოვმა. 

იმავდროულად, ალა ჯიოევა, რომელიც აცხადებს, რომ მან არჩევენებში უპირობოდ გაიმარჯვა,
ოპონენტს მოუწოდებს, რომ აღიაროს დამარცხება. 

მანამდე ორშაბათს სეპარატისტული რეგიონის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ პარტია „ერთობისგან“, რომელიც ბიბილოვს უჭერს მხარს, საჩივარი შევიდა საარჩევნო დარღვევების შესახებ. სასამართლოს თავმჯდომარემ ასტამაზ ბიჩენოვმა განაცხადა, რომ საქმე ეხება ჯიოევას საარჩევნო შტაბის მხრიდან ამომრჩეველთა მოქრთამვის და ზეწოლის შესახებ ბრალდებებს. მან მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გამოეცხადებინა წინასწარი შედეგები, სანამ არ დასრულდებოდა სასამართლო მოსმენა, რომელიც ორშაბათს შუადღისთვის უნდა დაწყებულიყო.

სეპარატისტული რეგიონის ცესკო–ს თავმჯდომარემ ბელა პლიევამ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიაში რაიმე დარღვევების შესახებ საჩივრები არ შესულა და რომ მან უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ მედიიდან შეიტყო.

სულ, მეორე ტურში, დაახლოებით, 27 000–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, განაცხადა ცესკო–ს თავმჯდომარემ.

იმავდროულად, რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიუროს „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი იტყობინებოდა წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე, რომ თავად ბიბილოვი და მისი მხარდამჭერები ძალიან შეაშფოთა საარჩევნო უბნებიდან მიღებულმა შედეგებმა, რადგანაც ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ისინი მეორე ტურისგან ელოდნენ.      

Exit mobile version