ტყიბულში ერთი მაღაროელი დაიღუპა

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 24 ნოემბერს ჭერის უეცარი ჩამონგრევის შედეგად ერთი მაღაროელი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. 2010 წლის მარტის შემდეგ ეს უკვე მეცამეტე უბედური შემთხვევაა ტყიბულის მაღაროში.

წინა ინციდენტი 6 ნოემბერს მოხდა, როდესაც ასევე ჭერის ჩამონგრევის შედეგად ორი მაღაროელი დაიღუპა.

24 ნოემბრის ინციდენტი დილით, დაახლოებით 06:10 წუთზე მოხდა, რომლის დროსაც 50 წლის სერგი აშოთია ჭერის უეცარმა ჩამონგრევამ იმსხვერპლა, იტყობინება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი.

სერგი აშოთია 2010 წლის აგვისტოში ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებას გადაურჩა, რომლის დროსაც ოთხი მაღაროელი დაიღუპა. აშოთია იმ მაღაროელებს შორის იყო, რომლებიც შარშან აგვისტოში მომხდარი აფეთქების დროს მძიმედ დაშავდნენ.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა განაცხადა 24 ნოემბერს, რომ მისი წარმომადგებლები ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძებაში ჩაერთვებიან.

ტყიბულის მაღაროს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია – საქნახშირი მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა.

ცოტა ხნის წინ ოპერატორმა კომპანიამ მაღაროელებისთვის 40 000 ლარის ღირებულების სიცოცხლის დაზღვევის პროგრამა აამოქმედა; თუმცა, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებით, წელიწადში მხოლოდ 5 ლეტალური შემთხვევა იქნება დაზღვეული.

Exit mobile version