პარლამენტში მიმდინარე კვირას ინიცირებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სადეპუტატო მანდატების 150–დან 190–მდე ზრდას ითვალისწინებს.
პარლამენტმა 11 ნოემბერს კომისიის ჩამოყალიბებას უყარა კენჭი, რომელიც ამ ინიციატივის თაობაზე ერთთვიან საჯარო განხილვებს გაუძღვება – ეს ფორმალური პროცედურაა ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რის შედეგადაც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება.
დამტკიცების შემთხვევაში, მომავალ პარლამენტში 107 დეპუტატის არჩევა პარტიული სიით, ხოლო 83 დეპუტატის მაჟორიტარული წესით მოხდება. ამჟამად, პარლამენტში არსებული 150 მანდატი თანაბრად ნაწილდება პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს შორის.
ეს ინიციატივა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების ერთ–ერთი მთავარი ნაწილია, რომელსაც მმართველმა პარტიამ და რამდენიმე სხვა პარტიამ 27 ივნისს მოაწერეს ხელი. დეპუტატთა რაოდენობის ზრდა უკვე ასახულია საარჩევნო კოდექსის პროექტში, რომლის სამართლებრივ ექსპერტიზასაც ამჟამად ვენეციის კომისია ახორციელებს.
ოპონენტების თქმით, აღნიშნული ინიციატივა 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს ეწინააღმდეგება, რომლის დროსაც ამომრჩევლებმა განაცხადეს, რომ დეპუტატების რაოდენობა 150–ს არ უნდა აღემატებოდეს. ზოგიერთი იურიდიული ექსპერტი აცხადებს, რომ პარლამენტში ადგილების ზრდა მხოლოდ ახალი რეფერენდუმით შეიძლება.
ამ არგუმენტს მმართველი პარტია და ის პარტიები ეწინააღმდეგებიან, რომელთაც საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი; მათი თქმით, როდესაც 2005 წელს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რითიც პარლამენტში მანდატების რაოდენობა 150–მდე შემცირდა, გადაწყვეტილება ფორმალურად არ ეფუძნებოდა რეფერენდუმის შედეგებს, რის გამოც ახალი რეფერენდუმის გამართვის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, 2005 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი რეფერენდუმის შედეგებს იშველიებდა, როდესაც მანდატების რაოდენობის შემცირებას მიესალმებოდა.
სექტემბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) მიერ აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისთვის ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 60% პარლამენტში ადგილების ზრდის წინააღმდეგ იყო და მხოლოდ 8%–მა ემხრობოდა ამ იდეას.