საქართველომ და რუსეთმა ვმო–ზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

რუსეთმა და საქართველომ 9 ნოემბერს ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რითიც ორმა ქვეყანამ ვმო–ზე მოლაპარაკებები დაასრულა, განაცხადა ქართული მხარის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე სერგი კაპანაძემ.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახერხა გარკვეული ყოყმანის და ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება და შვეიცარიის შემოთავაზებაზე დათანხმება  – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირველად ხდება საერთაშორისო მონიტორინგის დაწესება იმ ტვირთბრუნვაზე, რომელიც საქართველოს და რუსეთს შორის არის. პირველ რიგში, ეს ეხება ტვირთბრუნვას, ბუნებრივია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან“, – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ტელეფონით ჟენევიდან 9 ნოემბერს.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან დოკუმენტების პაკეტს მოეწერა ხელი.

„პირველ რიგში, ეს არის ორმხრივი შეთანხმება რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირების და სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგის შესახებ. ეს არის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო მონიტორინგს ტვირთბრუნვისა საქართველოსა და რუსეთს შორის და  იგულისხმება, პირველ რიგში, ის ტვირთბრუნვა, რომელიც ეხება ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს“, – განაცხადა კაპანაძემ. 

„მეორე შეთანხმება ეს იყო შეთანხმება იმის შესახებ, რომ მესამე ნეიტრალური მხარე, რომლის მიმართაც იქნება ანგარიშვალდებული მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია, იქნება შვეიცარია“, – განაგრძო მან. „და მესამე ნაწილი დოკუმენტებისა ეს იყო ნოტების გაცვლა მოქმედების პირობებთან დაკავშირებით იმ კომპანიისთვის, რომელიც უშუალოდ განახორციელებს მონიტორინგს. და აქ ისეთი მნიშვნელოვანი თემები არის ჩადებული, როგორიც არის ამ კომპანიის ნეიტრალურობა ანუ კერძოდ ის, რომ რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება, რომ მონიტორები იყვნენ; მონიტორებს ექნებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, მათზე არ გავრცელდება რაიმე შეზღუდვები და ა.შ.“.

 

 

Exit mobile version