პარლამენტმა 8 ნოემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სპეციალური სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რაც მათ საქართველოში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის უფლებას მისცემს.
ასეთი სტატუსი და შესაბამისი მოწმობა, კანონპროექტის მიხედვით, შეიძლება მიიღონ ორი კატეგორიის პირებმა – მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეები არიან და ხანგრძლივად ცხოვრობენ სხვა სახელმწიფოში; და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც გააჩნია წარმომავლობა საქართველოდან ანდა მისი მშობლიური ენა მიეკუთვნებოდა ქართულ–კავკასიურ ენათა ოჯახს.
კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა 20 წლამდე პირებზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით – უვადოდ.
თუმცა ის პირები, რომლებზეც არსებობს სახელმწიფო ორგანოების დასკვნა, რომ ისინი საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ ან უსაფრთხოების დაცვის მოტივით მათთვის ასეთი სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონელია, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსს ვერ მოიპოვებენ. ამ სტატუსის მატარებლებს კი სტატუსი შეუწყდებათ საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნების შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად.
სპეციალური შეღავათები, რომლითაც ამ სტატუსის მატარებლები ისარგებლებენ, უკავშირდება საქართველოში 30 დღით უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის უფლებას; სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შესაძლო მონაწილეობას; სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებას და სამოქალაქო რეესტრის მომსახურეობის შეღავათიანი პირობებით სარგებლობას. ამას გარდა, ეს პირები ისარგებლებენ ყველა იმ უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც საქართველოში მყოფ უცხოელებზე კანონმდებლობით ვრცელდება.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ამ საკანონმდებლო აქტის მიღებას უფრო „მორალური“ დატვირთვა აქვს, ვინაიდან იგი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების „იურიდიული ბმას“ საქართველოსთან.
„[2012 წლის] მარტში, როცა ეს კანონი შევა ძალაში, ვფიქრობ, რომ ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე ისარგებლებს ამ აქტით“, – განაცხადა მან.
ეს საკანონმდებლო რეგულაციები, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება საქართველოდან გადასახლებული ქართველების შთამომავლებზე, მათ შორის მათზე, ვინც ირანის ფერეიდანის პროვინციაში ცხოვრობს და ასევე მაგალითად, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე, თუმცა კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ამ პოლიტიკის გატარებისას „სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის“ პრინციპს ეყრდნობა.