ტყიბულში ორი მაღაროელი დაიღუპა

ორი მაღაროელი დაიღუპა გუშინ ღამით ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მიმდინარე სამუშაოების დროს, რამაც მაღაროელთა მსხვერპლი თორმეტამდე გაზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს მმართველი კომპანიის, „საქნახშირის“ ტექნიკური დირექტორის ზაზა გორდეზიანის განცხადებით, ორი მაღაროელი „უბედური შემთხვევის“ შედეგად გარდაიცვალა.

„ჩვენი წინასწარი გამოძიებით, სავარაუდოდ, მოხდა სამთო მასის შერყევა, რაც გამოიწვია სამთო დარტყმების მასების გამოდინებამ“, – განაცხადა მან, „ამ დროს მიმდინარეობდა დაბურღვა და ბურღვის დროს ჩამოიქცა ჭერი და მოხდა ეს უბედური შემთხვევა“.

ამ შემთხვევამდე ტყიბულის მაღაროში სექტემბერში ერთი მეშახტე დაიღუპა. 2011 წლის იანვარში მომხდარ აფეთქებას ერთი მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა; 2010 წელს ამავე მაღაროში მარტში და აგვისტოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად რვა მაღაროელი დაიღუპა, ხოლო 2009 წლის დეკემბერში ერთი მაღაროელი ემსხვერპლა დამცავი ჯებირის ჩამოშლას.

ტყიბულის მაღაროს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია – საქნახშირი მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა.

იანვარში მომხდარი აფეთქების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა მაღაროს მფლობელები ამგვარი ინციდენტების გამო და განაცხადა, რომ მათ მორიგი აფეთქება არ უნდა შერჩეთ. ამ გაფრთხილების შემდეგ სამართალდამცავებმა კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით.

Exit mobile version