პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა ამერიკელი კანონმდებლების ფართო წარმომადგენლობასთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრების შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა კონგრესში არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართ.
“საუბარი იყო ყველა იმ ორმხრივ საკითხზე, რომელიც აქტუალურია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მათ შორის საუბარი იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ თემატიკაზე. ამერიკული მხარე ძალიან აფასებს იმ მოქნილობას და კომპრომისს, რომლითაც ქართული მხარე მიუდგა ამ მოლაპარაკებას,“– განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელიც აშშ–ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტუმრობს.