გაზეთ Georgian Times–ის მფლობელი და სახალხო მართმადიდებულური მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი, რომელიც ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა, ქართველმა სამართალდამცავებმა 25 ოქტომბერს აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს, აცხადებს მთავარი პროკურატურა 27 ოქტომბერს.
იგი დაკავებული იქნა შვილთან, დავით გულაშვილთან ერთად, რომელიც ასევე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილმა „სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით“, ხოლო მისი შვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
მალხაზ გულაშვილი 2010 წლის მაისში შვილთან ერთად გაიქცა მოსკოვში ცხინვალის გავლით მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "კავკასიაში“ მომხდარი ჩხუბის გამო მისი ორგანიზაციის რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრეს.
გულაშვილმა მაშინ, ვიდრე ცხინვალიდან გადავიდოდა რუსეთში, განაცხადა, რომ გაქცევა იმ მოტივით გადაწყვიტა, რომ მის მოზარდ ბიჭს "გაუპატიურებით დაემუქრნენ“, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პოლიცია მის დაპატიმრებასაც გეგმავდა. გულაშვილმა მაშინ ასევე აღნიშნა, რომ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას როგორც კი შვილს დააბინავებდა.