ვენეციის კომისიის დელეგაცია, რომელიც საქართველოს ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნაზე მუშაობს, 26–27 ოქტომბერს თბილისს სტუმრობს.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ დეპუტატებთან, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების თბილისში მყოფ წარმომადგენლებთან, იტყობინება ვენეციის კომისია.
ოთხკაციან დელეგაციაში შედიან თომას მარკერტი – დირექტორი, ვენეციის კომისიის მდივანი;
მანუელ გონსალეს ოროპეზა – მექსიკის წარმომადგენელი; გელ მარტინ–მიკალეფი – პროექტის ოფიცერი არჩევნების საკითხებში, არჩევნებისა და რეფერენდუმების განყოფილებიდან; და ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) უფროსი მრჩეველი არჩევნების საკითხებში არმინ რაბიჩი.
ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის ექსპერტიზის თხოვნით ვენეციის კომისიას პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 12 სექტემბერს მიმართა. დეპუტატები მმართველი პარტიიდან აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე პროექტის დამტკიცებას არ აპირებენ.
“ვიზიტის შემდეგ, დასკვნის პროექტზე მუშაობა (რომელიც ერთობლივად მომზადდება ვენეციის კომისიის მომხსენებლების და OSCE/ODIHR–ის ექსპერტების მიერ) დასრულდება და წარედგინება ვენეციის კომისიას შესაძლო დამტკიცებისთვის 2011 წლის დეკემბრის პლენარულ სესიაზე“, – იტყობინება ვენეციის კომისია.
თბილისში მყოფი დელეგაცია ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციას 27 ოქტომბერს პარლამენტში გამართავს.
იმავდროულად, აშშ–ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა განუცხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 23 ოქტომბერს, რომ „ჩვენ ყურადღებით და გულდასმით ვაკვირდებით, რათა ვნახოთ როგორ შეაფასებს ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს“.
მან ასევე განაცხადა, რომ „გარკვეული რეალური“ შედეგები იქნა მიღწეული ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში; თუმცა, მან იქვე დასძინა: „ჩემი სურვილია, რომ უფრო მეტი რეალური შედეგი დავინახო“.