სააკაშვილი: ‘საქართველო ახლოსაა ისტორიული მიზნების მიღწევასთან’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 17 ოქტომბერს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს თავისი მიზნების მიღწევასთან, მათ შორის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვართ ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევასთან; არასდროს ასე [ახლოს] არ ვყოფილვართ ნატოსთან და არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვართ ევროკავშირთან. არასდროს ასეთი ცოტა შანსი არ ჰქონია ჩვენს დამპყრობელს, მიუხედავად იმისა, რომ ბოგინობს თქვენს მიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გიშვებთ თქვენ სახლებში, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივ პროვოკაციებს გვიწყობს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ეს განცხადება ევროკავშირის დაფინანსებით ფოთში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.    

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საუკუნეების წინ ქართველი მეფეები წერილებს და დესპანებს უგზავნიდნენ ევროპას და დახმარებას სთხოვდნენ. შემდეგ მან მუხრან მაჭავარიანის ლექსი "საბა" გაიხსენა: „ორბელიანი ლუდოვიკო XIV–სთან ალოდინეს… და მეთხუთმეტე კაცად მიიღეს“.   

„ერთი კვირის წინ დღევანდელი დროის ლუდოვიკო XIV ჩამოვიდა და თბილისის ცენტრალურ მოედანზე მოგვმართა და შემოგვფიცა მეგობრობა, მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა სააკაშვილმა პრეზიდენტ სარკოზის ვიზიტზე თბილისში 7 ოქტომბერს.

მისი თქმით, მთავარი მიზანი საქართველოს გაძლიერებაა რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად. 

 

Exit mobile version