რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ტუვალუს გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა კავკასიურ ქვეყნებთან“ – სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.
“ტუვალუს მხარის ეს ნაბიჯი ამყარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო–სამართლებრივ მდგომარეობას, ის ხელს შეუწყობს სოხუმისა და ცხინვალის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოვებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 6 ოქტომბერს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
მოსკოვმა ამ თემაზე პირველი განცხადება სამი კვირის თავზე გააკეთა მას შემდეგ, რაც სოხუმმა და ცხინვალმა განაცხადეს, რომ ტუვალუმ, წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანმა სახელმწიფომ მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ცნობაზე დაუყოვნებლივი რეაგირება არ მოუხდენია. სამინისტრომ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ის „ამ საკითხთან მიმართებაში არის მონიტორინგის რეჟიმში" და "საბოლოო შედეგის შესაბამისი იქნება რეაქციაც". მას შემდეგ თბილისს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.
საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები თებერვალში დაამყარა. ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტუვალუს მუდმივ წარმომადგენლობას გაეროში 12 000 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გამოეყო.