ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი პოლიტიკური კოალიცია, რომელიც უფრო ღრმა ინტეგრაციის მიზნით სამი თვის წინ ჩამოყალიბდა, ტაქტიკაზე უთანხმოებების გამო დაიშალა.
ოთხმა პარტიამ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ კოალიციამ ვერ შეძლო ფუნქციონირება, რადგანაც ორმა მისმა დამფუძნებელმა პარტნიორმა – ეროვნულმა ფორუმმა და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების პარტიამ – უარი თქვეს ეთანამშრომლათ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელთა საფუძველზეც კოალიცია შეიქმნა.
8 ივლისს ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – ეროვნულმა ფორუმმა; ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა; კონსერვატიულმა პარტიამ, რესპუბლიკურმა პარტიამ, საქართველოს გზამ და ხალხის პარტიამ – რომელთაც იმ დროს უკვე ახლო თანამშრომლობა ჰქონდათ საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ თემატიკაზე, განაცხადა, რომ პარტნიორობის არეალის გაფართოებას და ჯგუფის ფარგლებში ინტეგრაციის გაღრმავებას გეგმავდნენ.
დაშლის პირველი საჯარო ნიშანი სექტემბრის შუა რიცხვებში გამოვლინდა, როდესაც ეროვნულმა ფორუმმა „ქართველთა მარშის“ შესახებ გააკეთა განცხადება – ეს ინიციატივა კოალიციის სხვა წევრებთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული. მაშინ ეროვნული ფორუმის ლიდერები აცხადებდნენ, რომ წინასწარი კონსულტაციების საჭიროება არ არსებობდა, რადგანაც ე.წ „ექვსიანი“ მხოლოდ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობდა.
ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ზაფხულის განმავლობაში დამოუკიდებლად მართავდა შეხვედრებს რეგიონებში, განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 5 ოქტომბერს, რომ კოალიცია „აღარ არსებობს“.
მისი თქმით, ახლა „კონკრეტული ნაბიჯების“ გადადგმის დრო უფროა, ვიდრე ტაქტიკაზე დაუსრულებელ კონსულტაციებში და მოლაპარაკებებში მონაწილეობის. მან ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია აღარ დახარჯავს ძალისხმევას კონსულტაციებზე და სურს პირდაპირ ამომრჩევლებზე გავიდეს. ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ ოფისებში გაუთავებელი კონსულტაციებით შეუძლებელი იქნება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მილიონი ამომრჩევლის მობილიზება, რაც აწ უკვე დაშლილი კოალიციის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენდა.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც იგი და კიდევ სამი პარტია უფრო ღრმა ინტეგრაციას უჭერდნენ მხარს, ალასანიას პარტია და ეროვნული ფორუმი ამისგან თავს იკავებდნენ. მან განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 4 ოქტომბერს, რომ, დაახლოებით, სამი კვირის წინ ალასანიამ გადაწყვიტა თავისი გზით წასულიყო.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თითქმის ყველაფერი მზად იყო, კოალიციის ერთიანი მართვის კონცეფციის გარდა, მაგრამ ახლა პროექტი შეჩერებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ მიდიოდა განხილვა საერთო ოფისებსა და სხვადასხვა ტექნიკურ ასპექტებზე, რომლებიც, მისი თქმით, კოალიციის ამბიციური ამოცანების მოსაგვარებლად იყო საჭირო.