პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თელავის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხი „აქტიურად უჭერს მხარს დღევანდელ კურსს“ და ეს არჩევნები "მოდელი" უნდა გახდეს შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
2 ოქტომბერს გამართულ შუალედურ არჩევნებში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 35.7% შეადგინა, წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ხმათა 84.3% მიიღო. შემდეგ მოდის ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი ხმების 10.9%–ით და მრეწველთა კანდიდატი ხმების 4.7%–ით. დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.
„ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი თავს იწყნარებს იმით, რომ ხალხი პასიურია, ერთ დღეს გამოიღვიძებს და მას მისცემს ხმას. ამ შუალედურმა არჩევნებმა, რომელიც, ერთი შეხედვით, ბევრს არაფერს ცვლიდა თელავისთვის, წარმოუდგენელი აქტიურობა გამოიწვია. არჩევნებზე დადასტურდა, რომ ხალხი არა მარტო არ არის პასიური, არამედ, ძალიან აქტიურობდა კიდეც და ასევე აქტიურად უჭერს მხარს დღევანდელ კურსს“, – განაცხადა სააკაშვილმა 4 ოქტომბერს ქუთაისში იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ.
მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი მთავრობას „ბრმად, კრიტიკის გარეშე ემხრობა, ან მოეწონება თვითკმაყოფილი და ბედნიერი ხელისუფლება“, რომელსაც "ბედნიერებისთვის ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ „ხალხი მხარს უჭერს იმ მიმართულებას, რა მიმართულებითაც ამ პრობლემების დასაძლევად მუშაობს [ხელისუფლება]“.
“ყველაზე მეტად, რაც თელავის არჩევნების დროს მომეწონა იყო ის, რომ საარჩევნო პროცესმა, პრაქტიკულად, ექსცესებისა და დარღვევების გარეშე ჩაიარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვენახა შეგვიძლია თუ არა არჩევნების ცივილიზებულად გამართვა – ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოება“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „ეს არჩევნები უნდა გახდეს მოდელი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის“.