ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები და მათი კოლეგები ხუთი პოსტ–საბჭოთა ქვეყნიდან ხუთშაბათს და პარასკევს ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიან სამიტზე შეიკრიბებიან და მომავალ თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ევროკავშირმა 2009 წლის მაისში დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის უფრო ახლო ურთიერთობების დამყარებას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. ბელარუსმა, რომლის პრეზიდენტსაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აკრძალული აქვს, სამიტი უგულებელყო, ვინაიდან მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოწვევაზე უარი თქვა.
„სამიტის მიზანია ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლების ევროპაში მზარდი ინტეგრაციის თაობაზე ძლიერი პოლიტიკური სიგნალის გაკეთება“, – ნათქვამია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის განცხადებაში.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც სამიტზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა სექტემბრის დასაწყისში პოლონეთის პრემიერ–მინისტრთან დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველო "ამ შემოდგომაზე ძალიან სერიოზულ გარღვევას" ელოდება ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
პრემიერ–მინისტრმა ტუსკმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით, განაცხადა მანამდე, სექტემბერში, რომ საქართველომ და მოლდოვამ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც „ამოკლებს იმ გზას, რომლებიც ამ ქვეყნებში უნდა გაიარონ ევროკავშირში შესასვლელად“.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა ორი კვირის წინ თბილისში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა მიიღოს არა „ცარიელი განცხადება“, არამედ „ძალიან კონკრეტული დეკლარაცია“ და დასძინა, რომ ლიტვა „მეგობრებთან“ ერთად „ძალიან ბევრს მუშაობს, რათა გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ქვეყანაზე არსებითი დეკლარაციის მისაღებად“.
ევროკავშირის საგარეო მოქმედებათა სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, სამიტი ხაზს გაუსვამს ე.წ. „მიდგომას მეტი მეტისთვის“, რაც დიფერენცირებულ დამოკიდებულებას გულისხმობს და იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ის წევრები, რომლებიც უფრო ერთგულები რჩებიან რეფორმების მიმართ, მეტს უნდა ელოდნენ ევროკავშირისგან.
ვარშავის სამიტს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბევრი ლიდერი დაესწრება. თუმცა, სამიტს არ დაესწრებიან ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ კამერონი, იტალიის პრემიერ–მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. საფრანგეთის პრეზიდენტი მომდევნი კვირას საქართველოს ესტუმრება სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში.