საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ანქვაბის საინაუგურაციო სიტყვაში

26 სექტემბერს თავის საინაუგურაციო სიტყვაში აფხაზეთის ახალმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სეპარატისტული რეგიონის საგარეო პოლიტიკის ორი პრიორიტეტი დაასახელა.

მისი თქმით, პირველი პრიორიტეტია „რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება“ და „ურთიერთპატივსაცემი, თანასწორუფლებიანი რუსულ–აფხაზური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება“.  

ანქვაბის თქმით, მეორე პრიორიტეტია „დიპლომატიური საქმიანობის გაგრძელება აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების გაფართოების მიზნით“.

თავის გამოსვლაში ანქვაბმა ყურადღება გაამახვილა საშინაო საკითხებზე და განაცხადა, რომ დაბალ შემოსავლებთან ერთად, „მოქალაქეებს არ აკმაყოფილებთ კრიმინოგენული სიტუაცია, მართლმსაჯულება, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და ნარკომანთა რაოდენობის ზრდის კუთხით არსებული სიტუაცია; ასევე განათლების და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ვითარება; ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მუშაობის ხარისხი“.

მან ასევე განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს „თანამოაზრეთა გუნდს“ და რომ მინისტრები „ეფექტური მენეჯერები“ უნდა იყვნენ.

ანქვაბის თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ „კონსტრუქციულად“ და უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საკანონმდებლო ორგანოსთან.

 

Exit mobile version