სააკაშვილი დეპუტატების რაოდენობის დაგეგმილი ზრდის გამო თითს ოპოზიციისკენ იშვერს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სწორედ ოპოზიციამ და არა მმართველმა პარტიამ წამოაყენა სადავო შემოთავაზება ახალ პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის ზრდის თაობაზე და რომ მმართველ პარტიას ამ წინადადებაზე დათანხმება მოუწია, რათა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება შემდგარიყო. 

„მთელი ოპოზიცია ითხოვდა პარლამენტის რაოდენობის გაზრდას – მე ამას არ ვეთანხმები; მაგრამ მე აღმოვჩნდი უმცირესობაში და ჩემი პარტიის უმრავლესობამ გადაწყვიტა გაეზარდა დეპუტატების რაოდენობა, ოღონდ ყოფილიყო შეთანხმება [ოპოზიციასთან]“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანიამ გასულ კვირას ჩაწერა და 24 სექტემბერს გაუშვა ეთერში.

მან ასევე განაცხადა, რომ დეპუტატების რაოდენობის ზრდა „ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა“. 

მმართველი პარტია და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებს 2010 წლის ნოემბრიდან მართავდა. ოპოზიციის მიერ ამ მოლაპარაკებების პროცესში წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი შემოთავაზება არ ითვალისწინებდა დეპუტატების რაოდენობის ზრდას. დეპუტატების რაოდენობის ზრდის იდეა პირველად 2011 წლის მარტში ამოტივტივდა, როდესაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საკუთარი წინადადებები წარმოადგინა; მმართველი პარტიის მიერ ივნისის ბოლოს წარმოდგენილი შეცვლილი წინადადება კვლავ ითვალისწინებდა დეპუტატების რაოდენობის ზრდას, ამჯერად 150–დან 190–მდე. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ საბოლოო ვარიანტზე მოხდა შეთანხმება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან, ხოლო ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ გარიგებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.  

სააკაშვილმა ანალოგიური განცხადება ივლისშიც გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან „კომპრომისის“ ფარგლებში მმართველ პარტიას მოუწია დათანხმებოდა დეპუტატების რაოდენობის ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის რეფერენდუმით პარლამენტში ადგილების რაოდენობა 150–მდე შემცირდა.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები „სამართლიანი“ იქნება; მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „საარჩევნო წელი არ იყოს ეკონომიკური ჩავარდნის წელი“ და არ მოხდეს „ბიზნესების შეჩერება“. 

"ჩვენ ვასწავლეთ ყველას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რყევებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Exit mobile version