გაერო-ს 66-ე გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების კვირის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 19 სექტემბერს ნიუ–იორკში გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს და თავის კოლეგებს შეხვდა ექვსი ქვეყნიდან.
გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას“, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ „ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს“ და ამ ტერიტორიების შემდგომი მილიტარიზაციის პროცესს, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.
19 სექტემბერს ვაშაძე ასევე შეხვდა შვეიცარიის პრეზიდენტს და საგარეო ურთიერთობათა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მიშელინ კალმი-რეის. შვეიცარია შუამავლის როლს ასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, ასევე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.
იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის კოლეგებს შეხვდა თურქეთიდან, პორტუგალიიდან, პანამიდან, გაბონიდან და ბუტანიდან.