შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად დეპუტატი გიორგი ტატიშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი შეცვალა.
ახალი გუბერნატორი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა წარადგინა და ხაზი გასუვა, რომ „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“.
ყოფილი გუბერნატორი, ზურაბ არსოშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე გვარდიის მეთაურობის შემდეგ შარშან ივლისში დაინიშნა, გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.
გიორგი ტატიშვილი ამ მოწვევის პარლამენტში გორის მაჟორიტარულ ოლქში არჩევის შედეგად მოხვდა. 2007 წლიდან ის ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლად, მანამდე კი უშიშროების სამინისტროს სისტემაში მუშაობდა.
სავარაუდოდ, გორში ახალი მაჟორიტარის ასარჩევად შუალედური არჩევნები აღარ დაინიშნება, რადგან საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ტარდება სექტემბერ–ოქტომბერში, ხოლო არჩევნების თარიღს ცესკო ადგენს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა. კანონის თანახმად, თუ არჩევნების დღემდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები მომდევნო წლის სექტემბერ–ოქტომბერში ტარდება.