საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე 9 სექტემბერს საქართველოში აკრედიტებულ დასავლელ დიპლომატებს შეხვდა და „7 სექტემბერს სამი რუსული მი-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს სუვერენული საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი“ განიხილა, იტყობინება საგარეო უწყება.
აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის საელჩოების, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა, რომ „რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი დარღვევა და საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრა მიზნად ისახავს საქართველოში არსებული მდგომარეობის შემდგომ ესკალაციას“.
„ქართულმა მხარემ მოუწოდა უცხოელ დიპლომატებს სათანადოდ შეაფასონ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი და განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მოთხოვნით“, – აცხადებს საგარეო უწყება.
თბილისმა განაცხადა, რომ 7 სექტემბერს სამი რუსული მი–8 ტიპის ვეტრმფრენი "შემოიჭრა" საქართველოს საჰაერო სივრცეში 3 კილომეტრის სიღრმეში და 15 წუთის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს უფრინა გარშემო სოფელ შატილის სიახლოვეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 სექტემბერს უარყო თბილისის ბრალდება და განაცხადა: “სამხედრო დანიშნულების საავიაციო ტექნიკის ფრენები ობიექტური კონტროლის საშუალებებით ფიქსირდება და ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესებთან მკაცრ შესაბამისობაში, სხვა ქვეყნის საზღვრის დარღვევის გარეშე“.