პრეზიდენტი სააკაშვილი მოლდოვას პრემიერ–მინისტრს ვლად ფილატს 7 სექტემბერს შეხვდა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელიც ვარშავაში ამ თვის მიწურულს გაიმართება, ერთობლივი სამოქმედო სტრატეგია განიხილა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრემიერი ფილატი და პრეზიდენტი სააკაშვილი „ერთობლივი, ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო დააჩქარებს ამ სტრუქტურებში ინტეგრაციას“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ ერთიანი სამოქმედო გეგმის არსებობის შემთხვევაში, მხარეები შესაძლებლად მიიჩნევენ, რომ 29–30 სექტემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გარკვეული პროგრესული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“.
შეხვედრა პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
პოლონეთის პრემიერ–მინისტრი დონალდ ტუსკი, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარეა, 7 სექტემბერს ცალკ–ცალკე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მოლდაველ კოლეგას.
ამასთან ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ტუსკმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ ორი ქვეყნის „პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამსახურებით“ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე.
მისი თქმით, ბრიუსელმა „ძალიან მძლავრი“ გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველებს, რათა ხელი შეუწყოს ამ ქვეყნების მისწრაფებებს.
პრემიერ–მინისტრმა ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს ასევე ბელარუსსაც იმ პირობით, თუ მინსკი დემოკრატიის სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს პატივს სცემს.
აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირმა 2008 წელს ჩამოაყალიბა აღმოსავლელ მეზობლებთან – საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო "ამ შემოდგომაზე ძალიან სერიოზულ გარღვევას" ელოდება ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი „ძალიან გვეხმარება“ ამ მხრივ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს უძღვება და ესწრებოდა უკანასკნელ შეხვედრას პრეზიდენტ სააკაშვილსა და დონალდ ტუსკს შორის, განაცხადა: "პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა გადაჭრით აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა – სწორედ ასეთი თანამიმდევრობით – არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები“.
„აგრეთვე, [პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა] ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა მოველოდეთ ევროკავშირთან უფრო დიდ ინტეგრაციას. კერძოდ, გაცხადებას იმისას, თუ როდის დაიწყება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე; ეს დაიწყება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა გორდაძემ სატელევიზიო კომენტარში, რომელიც “რუსთავი 2“–მა 7 სექტემბერს გადასცა.