თბილისი მოსკოვს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

სამი რუსული მი–8 ტიპის ვერტმფრენი "შემოიჭრა" საქართველოს საჰაერო სივრცეში და 15 წუთის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს უფრინა გარშემო 7 სექტემბერს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტროს ინფორმაციით, სამმა რუსულმა „სამხედრო ვერტმფრენმა“ საქართველოს საჰაერო სივრცე 1:05 საათზე დაარღვია და ქვეყნის სიღრმეში 3 კმ–ზე შემოფრინდა შატილის მახლობლად ტანიეს ხეობაში.

"საქართველოს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. საერთაშორისო სამართლის ამგვარი უხეში დარღვევა მიზნად ისახავს გამოიწვიოს ქართული მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება, რაც ხელს შეუწყობდა მდგომარეობის შემდგომ ესკალაციას", – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ. 

"შექმნილ ვითარებაში ქართულმა მხარემ იმოქმედა თავშეკავებულად და სრული პასუხისმგებლობით, ვინაიდან უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ინტერესებში არ შედის", –ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნა რა, რომ "აშკარაა რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციების განხორციელების მოლოდინი", თბილისმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოელის "რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის სათანადოდ შეფასებას".

Exit mobile version