15 აგვისტოს საქსტატმა გამოაქვეყნა 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალი მაჩვენებელი, რომელიც მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან განსხვავებით საგრძნობლად გაზრდილია – 553.1 მილიონი აშშ დოლარიდან 814 მილიონ აშშ დოლარამდე.
საქსტატმა განაცხადა, რომ წინასწარ და საბოლოო მონაცემებს შორის „მკვეთრი განსხვავება“ ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლამ გამოიწვია. საქსტატის ცნობით ახალი მეთოდით კვლევისას გამოიყენება კომპანიების კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები – არა მხოლოდ ”დედა კომპანიის” არამედ მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური მონაცემებიც – რის გამოც გაიზარდა გამოსაკვლევი ბიზნეს სუბიექტების მოცვა.
მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 16%–ით შემცირდა; თუმცა საბოლოო დაზუსტებული მონაცემი, რომელიც 814 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 24%–იანი ზრდის მაჩვენებელია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულმა მაჩვენებელმა 2010 წელს საქართველოს მშპ–ს 7% შეადგინა; 2009 წელს ეს მაჩვენებელი 6%–ს შეადგენდა, ხოლო 2008 წელს – 12%–ს.
საბოლოო მონაცემებში ასევე შეცვლილია ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით.
წინასწარი მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ინვესტიციები ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიებიდან შემოვიდა – 143.2 მილიონი აშშ დოლარი; საბოლოო ანგარიშში ეს მაჩვენებელი 73.4 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული, რის შედეგადაც მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა აშშ–ის (135.8 მილიონი აშშ დოლარი) და თურქეთის (91.8 მილიონი აშშ დოლარი) შემდეგ. საბოლოო მონაცემების თანახმად, 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სხვა ძირითად წყაროს წარმოადგენდნენ გაერთიანებული სამეფო – 59 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 58 მლნ აშშ დოლარი; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 55.5 მლნ აშშ დოლარი.
ასევე შეცვლილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით. საბოლოო მონაცემებით, 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი მოპოვებით და დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის – 228.8 მლნ აშშ დოლარი ანუ 28.1%; შემდეგ მოდის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორი – 215.1 მლნ აშშ დოლარი (26.4%); უძრავი ქონება –– 119.3 მლნ აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 107.4 მლნ აშშ დოლარი (17.7%).