რუსეთი საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლების დახმარებაში ადანაშაულებს

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ქართულ სპეცსამსახურებს მახაჩკალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შეიარაღებული დაჯგუფების ლიკვიდირებულ ლიდერთან აბდულა მაგომედალიევთან კავშირში ადანაშაულებს.

ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა, რომელიც რუსეთის სამთავრობო სტრუქტურაა ფედერალური უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაში და ანტი–ტერორისტული პოლიტიკის კოორდინაციას ახორციელებს, თავისი ბრალდება 12 აგვისტოს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში წამოაყენა.

რუსეთის განცხადებით, 10–11 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციისას მაგომედალიევთან ერთად მისი ხუთი თანამებრძოლიც იქნა ლიკვიდირებული, რითაც რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, „აღიკვეთა ტერორისტული მიმართულების რიგი მომზადებული დანაშაულებები“.

“მაგომედალიევს თავისი უცხოელი ემისრების მეშვეობით კავშირი ჰქონდა საქართველოს სპეცსამსახურებთან, რომლებიც მას ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას უწევდნენ“, – აცხადებს ანტიტერორისტული კომიტეტი 12 აგვისტოს. განცხადებაში ბრალდების დეტალებზე საუბარი არ არის.

რუსეთის ოფიციალური პირები დროდადრო ადანაშაულებენ საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტი მებრძოლების დახმარებაში, ზოგჯერ კი იმაზეც მიანიშნებენ, რომ რუსეთში განხორციელებულ სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში შესაძლოა საქართველოც მონაწილეობდეს. თუმცა, ამგვარი ბრალდებები ძირითადად მათ ზეპირ განცხადებებში კეთდება; ეს ბოლო ბრალდება ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბრალდება წერილობითი განცხადებით იქნა წამოყენებული.

რუსეთ–საქართველოს შორის აგვისტოს ომის სამ წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group – ICG) განაცხადა, რომ „მესამე ქვეყნის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მათ არ უნახავთ რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება“, რაც რუსეთის ოფიციალური პირების ასეთ შემთხვევით ბრალდებებს გაამყარებდა. 

„როგორც ჩანს, რუსები თავიანთ ბრალდებებს სრული სერიოზულობით არ უდგებიან, და მათ შესაძლოა იმისთვის იყენებენ, რომ ნიადაგი მოამზადონ იმისათვის, რომ საქართველო დაადანაშაულონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში, და განსაკუთრებით 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების ირგვლივ, უსაფრთხოების სერიოზულ დარღვევას ექნება ადგილი,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ICG–მ მოუწოდა საქართველოს თავი შეიკავოს და არ გასცეს პასუხი „ნერვიულად თითოელი რუსი პოლიტიკოსის ბრალდებას“ და ასევე მოუწოდა რუსეთის ოფიციალურ პირებს თავი შეიკავონ „დაუსაბუთებული და პროვოკაციული ბრალდების წამოყენებისგან მყარი მტკიცებულების გარეშე“. 

Exit mobile version