- შემოსავალი სატელევიზიო რეკლამიდან – 53.85 მილიონი ლარი 2010 წელს;
- მობილური აბონენტების მეტი გამავალი ტრაფიკი, ნაკლები შემოსავლები;
- 789 000 მობილური ინტერნეტის მომხმარებელი აბონენტი;
- 300 050 ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელი აბონენტი;
- ახალი ლიდერი ინტერნეტ ბაზარზე;
- ფიქსირებული უსადენო სატელეფონო ქსელი გაფართოვდა.
2010 წელს ელექტრონული საკომუნიკაციო სფეროს შემოსავლებმა 1.055 მილიარდი ლარი, ხოლო მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელთა შემოსავალმა 76.25 მილიონი ლარი შეადგინა, განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში.
ანგარიშში, რომელიც ქვეყნის საკომუნიკაციო ბაზარზე 2010 წელს არსებულ ვითარებას მიმოიხილავს, არ არის მოცემული სექტორის ძირითადი ტენდენციების შედარება წინა წლის მონაცემებთან. ამის მიზეზად კომისიამ ახალი ანგარიშის შედგენისას მეთოდოლოგიის შეცვლა დაასახელა და განაცხადა, რომ ამ ცვლილებების გამო შედარების გაკეთება უადგილო იქნებოდა.
Civil-ge-სთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში კომისიამ განაცხადა, რომ მისი წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, ახალი ანგარიში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის სტანდარტების შესაბამისად მომზადდა. ერთ–ერთი ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ შემოსავლების მაჩვენებლებიდან დამატებითი ღირებულების გადასახადი გამოკლებულია.
სამაუწყებლო მედია
მაუწყებლობიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 2010 წელს 76.25 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 69.27 მლნ ლარი სატელევიზიო, ხოლო 6.98 მლნ ლარი რადიო მაუწყებლობაზე მოდიოდა, ნათქვამია ანგარიშში.
მაუწყებლების შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა წარმოადგენდა; სატელევიზიო რეკლამიდან შემოსავალმა 53.85 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო რადიო რეკლამიდან შემოსავალმა – 3,84 მილიონი ლარი.
ყველაზე მეტი შემოსავალი ტელევიზიებმა რეკლამიდან 2010 წლის მეორე კვარტალში მიიღეს – 20.5 მილიონი ლარი, რაც სავარაუდოდ მაისში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით იყო განპირობებული. ჩვეულებისამებრ, არჩევნების წინ ფასები პოლიტიკურ სატელევიზიო რეკლამაზე ათჯერ იზრდება ორ ყველაზე ყურებად ნაციონალურ არხზე – „რუსთავი 2“–სა და „იმედზე“.
ანგარიშის თანახმად, ტელევიზიებმა სპონსორობიდან 4.4 მილიონი ლარი მიიღეს; რადიო მაუწყებლებმა კი 1.9 მილიონი ლარი სპონსორობიდან, ხოლო 935 625 ლარი შემოწირულობის სახით მიიღეს 2010 წელს.
მობილური კომუნიკაციების ბაზარი: "ჯეოსელი" ბაზრის ლიდერი; მეტი გამავალი ტრაფიკი, ნაკლები შემოსავლები
მობილური აბონენტების რაოდენობა 2010 წელს პირველ კვარტალში არსებული 3.6 მილიონიდან 2010 წლის ბოლოს 3.98 მილიონამდე გაიზარდა. მობილური აბონენტების სიმკვრივემ (აბონენტების რაოდენობის შეფარდება ქვეყნის მოსახლეობასთან) 89.7% შეადგინა, ნათქვამია ანგარიშში. აბონენტთა რაოდენობა აქტიური SIM ბარათების რაოდენობით განისაზღვრება.
2010 წლის ბოლოსთვის კომპანია „ჯეოსელი“ ბაზრის ლიდერი იყო 44.3%–იანი საბაზრო წილით; შემდეგ მოდის კომპანია „მაგთიკომი“ 40.3%–ით; კომპანია „ბილაინის“ საბაზრო წილი 2010 წლის დასაწყისში არსებული 13%–დან 15.4%–მდე გაიზარდა წლის ბოლოს.
უკვე მეორე წელიწადია მობილური სატელეფონო მომსახურების შემოსავლები ეცემა – 2010 წელს მან 532 მლნ ლარი შეადგინა. ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი 2010 წლის მეოთხე კვარტალში „შესამჩნევად შემცირდა“, რისი განმაპირობებელი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც 2010 წლის 1 სექტემბრიდან აქციზის შემოღება იყო.
„ჯეოსელი“ შემოსავლების თვალსაზრისითაც ლიდერობს – 245.28 მილიონი ლარი; შემდეგ მოდის „მაგთიკომი“ – 227.68 მილიონი ლარი და „ბილაინი“ – 58,85 მილიონი ლარი.
ანგარიშის თანახმად, 2010 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მობილური აბონენტების გამავალი ტრაფიკი; კერძოდ, პირველ კვარტალთან შედარებით ზრდა მეოთხე კვარტალში 38%-ს შეადგენდა. ზრდა, უმთავრესად, "ჯეოსელის" ხარჯზე მოხდა.
მობილური ინტერნეტი
2010 წლის მეოთხე კვარტალში მობილურიდან ინტერნეტით 789 000 აბონენტმა ისარგებლა. მობილური ინტერნეტ-მომსახურებით მიღებულმა შემოსავალმა 2010 წელს 15 მლნ ლარი შეადგინა.
„მაგთიკომის“ აბონენტები ყველაზე აქტიური ინტერნეტ–მომხმარებლები გამოდგნენ, რის შედეგადაც კომპანიამ 2010 წელს 8.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო; შემდეგ მოდის "ჯეოსელი“ – 5.1 მილიონი ლარი და „ბილაინი“ – 1 მილიონი ლარი.
ფიქსირებული ინტერნეტი
ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 2010 წლის პირველ კვარტალში არსებული 238 000–დან მეოთხე კვარტალში 300 050–მდე გაიზარდა. სექტორის მთლიანმა შემოსავალმა 80.2 მილიონი ლარი შეადგინა.
მაჩვენებლის გამოანგარიშება ამ მომსახურების აბონენტთა რაოდენობის საფუძველზე ხდება, თუმცა საქართველოში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც, მაგალითად DSL-ის მომსახურების ერთ პაკეტს რამდენიმე ოჯახი იყოფს.
ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა 90% (გარდა CDMA/EVDO ტექნოლოგიების მომხმარებლებისა) ხუთ დიდ ქალაქშია თავმოყრილი: თბილისი (176 675 აბონენტი); ბათუმი (15 882); ქუთაისი (12 574); რუსთავი (10 873) და ფოთი (3 917).
„სილქნეტი“ ბაზრის ლიდერი გახდა 42.6%–იანი საბაზრო წილით. შემდეგ მოდის „კავკასუს ონლაინი“ 31.1%–ით – ეს კომპანია ერთ დროს ქართულ ინტერნეტ ბაზრის თითქმის მონოპოლისტი იყო; „მაგთიკომი“ – 14.5% და „ახალი ქსელები“ – 4.7%. დანარჩენს, ანგარიშის თანახმად, 26 ინტერნეტ პროვაიდერი იყოფს.
თუმცა, შემოსავლების თვალსაზრისით 2010 წელს „კავკასუს ონლაინი“ ლიდერობდა, რომელმაც 32.18 მილიონი ლარი მიიღო; შემდეგ მოდის „სილქნეტი“ – 30.14 მილიონი ლარით; „მაგთიკომი“ – 5.9 მილიონი ლარით; „ახალი ქსელები“ – 4 მილიონი ლარით.
ფიქსირებული სატელეფონო ქსელი
ფიქსირებული სატელეფონო ქსელის, როგორც სადენიანი, ასევე უსადენო, აბონენტების რაოდენობა 1.1 მილიონამდე გაიზარდა, რაც ძირითადად უსადენო ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების ზრდის ხარჯზე მოხდა. სექტორის მთლიანმა შემოსავლებმა 2010 წელს 121.8 მილიონი ლარი შეადგინა.
ფიქსირებული სადენიანი ქსელის აბონენტების რაოდენობით "სილქნეტი" ლიდერობს – 61,8%. შემდეგ მოდის „ახალი ქსელები“ – 19,6%.
უსადენო ფიქსირებული ქსელის ლიდერია კომპანია „მაგთიკომი“, რომლის წილიც ბაზრის 87% –ია. შემდეგ მოდის კომპანია „სილქნეტი“.