ბაქრაძე: რუსეთს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს ოკუპაციის დასრულება

რუსეთს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს ოკუპაციის დასრულება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რუსეთთან ომის სამი წლისთავზე.

8 აგვისტოს საგურამოში დევნილებთან  სტუმრობის დროს მან კომენტარი გააკეთა სეპარატისტულ რეგიონებში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების დაკანონების გეგმებზე. სეპარატისტებთან შესაბამისი შეთანხმებების რატიფიცირების თხოვნით პრეზიდენტმა მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს 8 აგვისტოს მიმართა.

“რაც არ უნდა მიიღოს სახელმწიფო დუმამ, რასაც არ უნდა მოაწერონ ხელი კოკოითმა და მედვედევმა რეალობა არის ერთი, რეალობა არის ის, რაც ასახულია საერთაშორისო დოკუმენტებში   – რუსეთი დღეს არღვევს საერთაშორისო სამართალს, რუსეთს უკანონოდ აქვს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული, რუსეთმა უნდა შეასრულოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა „ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს“ –  აშშ–ის სენატის რეზოლუციას, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებს.  

„ცალკეული დოკუმენტები შეიძლება ვერ ცვლიდეს მყისიერად რეალობას, მაგრამ ქმნის პოლიტიკურ გარემოს, რომელშიც რუსეთს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს ოკუპაციის დასრულება“, – განაცხადა მან.

ბაქრაძის თქმით, ამგვარი დოკუმენტების მიღება  და „ტერმინ ოკუპაციის დამკვიდრება“ ნიშნავს იმას, რომ „სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ახალი სახელმწიფოები“, როგორადაც რუსეთი სეპარატისტული რეგიონების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას ცდილობს.

Exit mobile version