რუსულენოვანმა ვებგვერდმა, რომელიც საქართველოში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შარშან ტელეკომპანია "იმედის“ იმიტირებულ რეპორტაჟთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა, კვლავ მიიპყრო ქართული მედიის ყურადღება იმით, რომ, როგორც თავად აცხადებს, საქართველოს ოფიციალურ პირებს შორის სატელეფონო საუბრების რამდენიმე აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და მოგვიანებით საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული ფოტოგრაფების საქმეს განიხილავენ.
Coroka.net–მა 4 აგვისტოს ექვსი აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, მათ შორისაა, ვებგვერდის მტკიცებით, საუბრები შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და მის თანამშრომლებს შორის, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან, სადაც თანამოსაუბრეები იმ დროს ჯერ კიდევ დაკავებული ფოტოგრაფების საქმის ზოგიერთ დეტალს განიხილავენ.
ვებგვერდმა სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა სათაურით "როგორ ხდებოდა ფოტოგრაფ–ჯაშუშების საქმის ფალსიფიცირება“; თუმცა, ასეთი ცალსახა დასკვინის გაკეთება შეუძლებელია იმ ჩანაწერების შინაარსიდან გამომდინარე; ინტერნეტ ფორუმებზე და სოციალური ქსელებში გამოითქვა ვარაუდები, რომ ამ ჩანაწერების გაჟონვა, შესაძლოა, სპეციალურად მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, რადგანაც ეს ჩანაწერები ოფიციალური ვერსიის გამყარებას უფრო უწყობს ხელს.
ერთ–ერთ ჩანაწერში, მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, შსს–ს წარმომადგენელი შოთა უტიაშვილია, ეუბნება თანამოსაუბრეს, სავარაუდოდ ვანო მერაბიშვილს, რომ ის სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც სამინისტრომ დაკავებული ფოტოგრაფების წინააღმდეგ საქმის გამყარების მიზნით თავდაპირველად გამოაქვეყნა, ფაქტიურად „არაფერია“ და მტკიცებულებად ვერ გამოდგება. იგი ასევე დასძენს, რომ "ის [ჩანაწერები] ვაბშე თავიდან არ უნდა გვეჩვენებინა რა“.
უტიაშვილით თქმით, რუსულენოვანი ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები არ არის აუთენტური; მან Civil.ge–ს კვირას განუცხადა, რომ მას ასეთი საუბრები არასდროს ჰქონია.
კიდევ ერთ ჩანაწერში, მამაკაცი, რომელიც სავარუდოდ მერაბიშვილია, ეუბნება თანამესაუბრეს, სავარაუდოდ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ „ჩვენ ახლა ვევაჭრებით“ ერთ–ერთ დაკავებულ ფოტოგრაფს და გარიგება შედგება, თუ „ის ყველაფერს მოყვება“. მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ სააკაშვილია, პასუხობს, რომ „ეს თავისთავად კარგია“. თანამოსაუბრე აცხადებს, რომ ამ ისტორიის ცუდი მხარე ის არის, რომ „ყველანი“ აგენტები არიან. სავარაუდოდ სააკაშვილის ხმა აცხადებს, რომ „ესენი იმ თაობის ხალხია, რომელიც ჩარჩენილია წარსულში“. „მეგონა, ახალი თაობაა, ჩემზე ახალგაზრდები არიან“, – აცხადებს მერაბიშვილის ხმა.
ჩანაწერებში, „იმედის“ იმიტირებულ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალის მსგავსად, თითოეული მოსაუბრე ცალ–ცალკე არხზეა ჩაწერილი. „იმედის“ სიუჟეტთან დაკავშირებით ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ჩანაწერის ეს ფორმა და სხვა ტექნიკური ფაქტორები იმაზე მიუთითებდნენ, რომ ჩანაწერები ძირითად სატელეფონო სადგურში იყო გაკეთებული.