6 აგვისტოს რუსული ავიაკომპანია „S7 ეარლაინსი“ (იგივე „სიბირი“) სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველ რეისს განახორციელებს მოსკოვი–ქუთაისის და საპირისპირო მიმართულებით, იტყობინება ავიაკომპანია.
ქუთაისი საქართველოს მეორე ქალაქი იქნება, სადაც „S7 ეარლაინსი“ ფრენებს განახორციელებს. მან თბილისის მიმართულებით რეგულარული ჩარტერული ფრენები, ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პარალელურად, შარშან ზაფხულში განაახლა.
ავიაკომპანიამ, რომელიც ამჟამად თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად დაფრინავს, ხოლო ქუთაისში რეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს, საქართველოში საჰაერო მიმოსვლა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა. ომამდე ეს კომპანია ბათუმშიც დაფრინავდა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები თავდაპირველად 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტში აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.