რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხი თავად ოსი ხალხის გადასაწყვეტია.
“თქვენ იცით რუსეთის პოზიცია, რომელმაც ცნობილი მოვლენების დროს, როცა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ცნობილ სამხედრო (პროვოკაციულ, დანაშაულებრივ) აქციაზე წავიდა, სამხრეთ ოსეთს დაუჭირა მხარი. მომავალი დამოკიდებული იქნება თავად ოს ხალხზე“, – განაცხადა მან 1 აგვისტოს ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრისას.
პუტინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ახალგაზრდამ ჩრდილოეთ ოსეთიდან დაუსვა შეკითხვა რამდენად შესაძლებელი იყო რუსეთთან სამხრეთ ოსეთის შეერთება, რადგან, მისი თქმით, პრობლემაა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა გაყოფილია.
"დიახ, მე მესმის, ეს მართლაც პრობლემაა და ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად გადიოდა საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის. იყო პერიოდი, როცა არავითარი საზღვარი არ არსებობდა. საზღვარი გაჩნდა ერთიანი სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიის ფარგლებში. უბრალოდ ასე მარტივი იყო მართვა“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა.
ცხინვალის განცხადებით, ამ ეტაპზე სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში, რომელსაც არაერთხელ გამოუთქვამს რუსეთთან შეერთების სურვილი, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
"დრო გვიჩვენებს უკეთ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ჯერ საკითხი რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე არ დგას. ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის შემდგომ ნაბიჯებზე. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მზად ვართ შევიდეთ, როგორც რუსეთ–ბელარუსის კავშირში, ისე უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტის სახით,“– განაცხადა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარემ სტანისლავ კოჩიევმა 2 აგვისტოს.
შედარებით განსხვავებული კომენტარი გააკეთა სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში დიმიტრი მედოევმა, რომელმაც განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს არანაირად არ აქვს გეგმაში რუსეთის ფედერაციაში შესვლა ან ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვა.
"საუბარი მიდის მხოლოდ ინტეგრაციაზე, კერძოდ, კი სამხრეთ ოსეთის შესვლაზე რუსეთ–ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში“, – აღნიშნა მან.