საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ 7 ივლისს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა რელიგიური ჯგუფების სტატუსზე მიღებულ "საშიშ“ კანონზე, რამაც "დაძაბა ურთიერთობები რელიგიებს შორის“.
“ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად საშიშია, რომ კანონმდებლებს უნდა ეფიქრათ, ვთქვათ, ათი, ასი წლის შემდეგ რა შედეგი ექნება ამას… ანალიტიკური აზროვნება გვაკლია ჩვენ. ანალიზი უნდა გაკეთდეს საერთოდ არა იმის შემდეგ, როცა საქმეს გავაკეთებთ, არამედ საქმის წინ – რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას,“– განაცხადა ილია მეორემ.
იოანე ნათლისმცემელის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის შემდეგ გამართული ქადაგებისას პატრიარქმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არ არის.
„ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ამ რელიგიებს, რომლებიც ჩვენთან არის, რომ არ უნდა მიეცეს თავისი სტატუსი. ჩვენ ვამბობდით იმას, რომ დავსხდეთ, მოვიწვიოთ მეცნიერები, მოვიწვიოთ სასულიერო პირები, სპეციალისტები და განვიხილოთ“, – განაცხადა პატრიარქმა.
„სამწუხაროდ ისე იჩქარეს კანონმდებლებმა, რომ ერთ დღეში მიიღეს ყველაფერი“, – დასძინა მან.
ილია მეორემ პრეზიდენტ სააკაშვილს კანონისთვის ვეტოს დადების თხოვნით მიმართა „იქამდე, სანამ ეს არ იქნება განხილული, შემოწმებული“. თუმცა იმ დროს, როდესაც პატრიარქმა ეს განცხადება გააკეთა, მიღებული ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული.
"მთავარი მაინც პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება და მე მინდა, რომ მშვიდად იყოს ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყანა. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა პატრიარქმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღება არ არის მხოლოდ სახელმწიფოს საქმე და ეკლესიაც უნდა ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში.
“მე ვთქვი საერთოდ იმდენად რთული და იმდენად საპასუხისმგებლო კანონია, რომ შეიძლება ეს კანონი ბოროტად იყოს გამოყენებული, ცუდად იყოს გამოყენებული. აი ამიტომ უნდა ყველაფერი გაეთვალისწინებინათ და ეკლესიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ განხილვაში იმიტომ, რომ ბევრ შემთხვევაში ეს ეკლესიასაც ეხება, სახელმწიფოსაც ეხება. ზოგიერთი ამბობს იმას, რომ რატომ ეხება ეკლესია სახელმწიფო საქმეებს. ეგ არ არის მხოლოდ სახელმწიფო, ეგ არის საკითხი, რომელიც შეეხება მთელ ჩვენ ერს“, – განაცხადა პატრიარქმა.
“და აი ის პროცესი, რომელსაც გუშინ მთელი დღე არჩევდნენ, ამან დაძაბა ურთიერთობა რელიგიებს შორის. ეს არ შეიძლება“, – აღნიშნა მან.
ილია მეორე თავის ქადაგებაში ასევე შეეხო რელიგიურ უმცირესობებთან ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ მის პოზიციაში „არავითარი სომხების საწინააღმდეგო აზრი“ არ დევს.
„მიუხედავად, აი სხვადასხვა საუბრებისა, ქართველები და სომხები იყვნენ და დარჩებიან ძმები. ეს აუცილებელია. როცა უჭირს ან უჭირდა სომხებს, ჩვენ მუდამ ვეხმარებით მათ; როცა უჭირს ქართველებს, ისინი გვეხმარებიან ჩვენ“, –განაცხადა პატრიარქმა.
“ქართველი ხალხი მუდამ იყო მფარველი სხვა მცირე ერების ან ერების მცირე რაოდენობის, ქართველი ადამიანი მუდამ იცავდა სომხებსაც, რუსებსაც, აზერბაიჯანელებსაც, ებრაელებს – აი, თვითონ ებრაელები ამბობენ, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც არ ყოფილა ანტისემიტიზმი“, – აღნიშნა ილია მეორემ თავის ქადაგებაში.
საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სტატუსზე კანონის მიღება ვერ დაეხმარება ზოგიერთ რელიგიურ უმცირესობას, კერძოდ კი სომხეთის სამოციქულო ეკლესიას, რამდენიმე სადავო ეკლესიაზე საკუთრების უფლება მოითხოვოს. საპატრიარქო ითხოვდა, რომ ქართულ ეკლესიასაც მინიჭებოდა სამართლებრივი სტატუსი სომხეთში საქართველოს მიერ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილების პარალელურად.