საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის მსგავსად, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აკრიტიკებს იმ საკანონმდებლო ცვლილების ნაჩქარევ მიღებას, რომელიც რელიგიური გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას აძლევს.
პარტიების უმეტესობამ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს გამოიყენოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლება და ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ზოგიერთმა კი მართლმადიდებლობის „სახელმწიფო რელიგიად“ გამოცხადების თემა წამოწია.
ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს ინიციატივას, რომელზეც მსჯელობა საპატრიარქოს „ზურგს უკან“ მიმდინარეობდა. მან ასევე განაცხადა, რომ საკითხი დამტკიცებამდე ფართო საზოგადოებრივ მსჯელობას საჭიროებდა.
ახალი მემარჯვენეები, რომლების სხვა პარტიებთან ერთად ასევე მოუწოდებენ ვეტოს დადებისაკენ, საგანგებო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანონში ცვლილებების „ხელოვნურად დაჩქარებული პროცედურით“ შეტანით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან „კონფრონტაციული ფონი შექმნა“, რაც „ხელს არ უწყობს ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობის ატმოსფეროს შექმნას“.
“ეს დაუსაბუთებელი სიჩქარე არათუ ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს, პირიქით, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ისეთ ფაქიზ და უმნიშვნელოვანეს სფეროს, როგორიც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება და კონფესიათა შორის დაუძაბავი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებია“, – აცხადებენ „მემარჯვენეები“.
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა აცხადებს, რომ საპატრიარქოს თხოვნისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე კანონის უპრეცედენტოდ მცირე დროში მიღება "ქვეყნისთვის საშიში ქმედებაა“.
თუმცა, ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ მიამიტობა იქნება პრეზიდენტ სააკაშვილს ცვლილებაზე ვეტოს დადება მოსთხოვო.
"არანაირი ილუზია არა გვაქვს იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მომზადდა და განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ნებართვის და კურთხევის გარეშე; შესაბამისად მას კანონპროექტზე ვეტოს დადებას ნამდვილად არ ვთხოვთ, ვინაიდან არც ისე მიამიტები ვართ“, – განაცხადა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან 6 ივლისს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამის სანაცვლოდ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა ქართული ეკლესიის სტატუსის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხს დააყენებს, რომელსაც უკვე გააჩნია სახელმწიფოსთან 2002 წელს ხელმოწერილი კონკორდატით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსი, რომლითაც „მართლმადიდებლური რელიგია საქართველოში ოფიციალურ რელიგიად“ გამოცხადდა. ვეფხვაძის თქმით, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა მზად არის მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურებისათვის.
ეროვნულმა ფორუმმა განაცხადა, რომ მართველი პარტია თანმიმდევრულად ამკვიდრებს „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს საპატრიარქოს იგნორირების პოლიტიკას, ვინაიდან ვერ ხედავს მის როლს და ადგილს "საოცნებო სინგაპურში“.
ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ "უღმერთო დეპუტატთა თავყრილობამ საპატრიარქოს სრული იგნორირებით მიიღო კიდევ ერთი ანტი–მართლმადიდებლური და ანტი–სახელმწიფოებრივი კანონი“. მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი ქმედება მიზნად ისახავს „ხალხებს შორის რელიგიური და ეთნიკური შუღლის გამოწვევას, ასევე მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციას“.