ტუღუში „შეშფოთებულია“ 26 მაისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებით

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა 14 ივნისს დეპუტატებს, რომ "სურს გამოხატოს "შეშფოთება ძალის გადამეტების იმ ფაქტების გამო“, რომლებსაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს და მის შემდგომ პერიოდშიც.

2010 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ თავისი საანგარიშო მოხსენებით პარლამენტში გამოსვლის დასასრულს, ტუღუშმა განაცხადა, რომ მან აუცილებლად მიიჩნია 26 მაისის მოვლენებზე ყურადღების გამახვილება, მიუხედავად იმისა, რომ ეს საანგარიშო პერიოდს არ ეხება, "იმისათვის, რომ პარლამენტმა სათანადო ყურადღება მიაქციოს ამ უფლებადარღვევებზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეაგირებას, რათა დაისვას უფლებადამრღვევი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“.

მისი თქმით, ძალის გადამეტების ფაქტები "თვალნათელი“ იყო, როდესაც ადგილი ჰქონდა ერთდროულად რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან მომიტინგეების ცემას, "რომლებსაც არანაირი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ“; ასევე მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილზე დაკავების შემდეგ და "უკვე სამართალდამცავ ორგანოებში გადაყვანის შემდეგ“.

“მძიმე ხასიათის დაზიანებები აღენიშნებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში [სახალხო დამცველის აპარატის მიერ] მონახულებულ ათამდე პირს, საშუალო სიმძიმის დაზიანებები კი მონახულებულ პირთა უმრავლესობას,“– განაცხადა ტუღუშმა, "მათი დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ დაზიანებები მიდგათ დაკავებისას, ხოლო  დაკავებულთა ნაწილი აცხადებდა, რომ დაზიანებები მიიღეს ასევე დაკავების შემდგომ“.

სახალხო დამცველის განცხადებით, მან 12 ასეთ ფაქტზე უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების რეკომენდაციით, ისევე როგორც  მოითხოვა გამოძიების დაწყება იმ ქმედებებზე, რომლებიც უკავშირდება ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას, რაც "ჩემი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“. მან აქვე აღნიშნა, რომ აქციის დაშლისას მედიის წარმომადგენელთა "დიდ ნაწილს“ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება მიეცა.

“იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფაქტების გამოძიება იქნება ძალიან დეტალური და გამჭირვალე და გატარებულ ზომებთან დაკავშირებული ინფორმაცია სახალხო დამცველისთვის ხელმისაწვდომი იქნება,“– განაცხადა გიორგი ტუღუშმა პარლამენტში გამოსვლისას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version