თბილისის მერი არსებულ შრომის კოდექსს იცავს


თბილისის მერი გიგი უგულავა Facebook-ის საშუალებით გამართული ონლაინ კონფერენციის დროს, რომლის წამყვანიც ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო. ფოტო: თბილისის მერია.

დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ მოქმედი შრომის კოდექსი დაიცვა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია, რომ დამსაქმებელს შეუქმნას კომფორტი.

“სანამ ჩვენ ძალიან დიდად ვართ დამოკიდებული ამ პირდაპირ ინვესტიციებზე, ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად დავიცვათ და კომფორტი შევუქმნათ დამქირავებელს – ადამიანს, რომელსაც მოაქვს ფული,“– განაცხადა უგულავამ 9 ივნისს Facebook-ის საშუალებით გამართული ონლაინ კონფერენციის დროს.

“10 წლის მერე, 15 წლის მერე, როდესაც უმუშევრობის ასეთი მაღალი დონე აღარ იქნება საქართველოში და უმუშევრობა შეიძლება ნომერ პირველი პრობლემა არ იყოს და გახდეს მეოთხე და მეხუთე პრობლემა, მერე ბუნებრივად დადგება საკითხი ხელფასის მომატების, ბუნებრივად დადგება საკითხი დასაქმებულის უფრო მეტი დაცვის დამსაქმებლის წინაშე,“– განაცხადა მან და დასძინა: დღეს რომ "კარგი კანონი მივიღოთ, დასაცავიც არავინ არ გვეყოლება“.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულია ინვესტიციების მოზიდვა, რომელსაც „სჭირდება დაცვა და ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია ამ შემთხვევაში ასე იმოქმედოს თუ მას აქვს პასუხისმგებლობა და რეალური სურვილი და პოლიტიკური ნება შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები“.

2006 წელს მიღებული საქართველოს შრომის კოდექსი პროფკავშირების მწვავე კრიტიკის საგანია, ისევე როგორც მის მიმართ შენიშვნებს გამოთქვამს ევროკავშირი.

ევროკავშირის ბოლო ანგარიშში 2010 წელს საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ნათქვამია, რომ შრომითი უფლებები კვლავ გამოწვევად რჩება.

“შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შრომითი უფლებების და შრომის საერთაშორისო სტანდარტების სფეროში საქართველო არ ასრულებს ძირითადი კონვენციით გათვალიწინებულ პირობებს. მათი შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს უფლებას, ისარგებლოს ევროკავშირის  შეღავათების (პრეფერენციების)  ზოგადი სისტემით + (GSP+) ევროკავშირთან ვაჭრობაში,“– ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს შრომის კოდექსთან დაკავშირებით კრიტიკა არა მხოლოდ ევროკავშირიდან მოდის. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 8 ივნისს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების განხილვისას, აშშ–ის წარმომადგენელმა ჯონ მარიზმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის გამო. მან „ძლიერი მხარდაჭერა“ გამოხატა იმ რეკომენდაციის მიმართ, რომელიც საქართველოში შრომის სახელმწიფო ინსპექციის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმების შემდეგ არანაირი მაკონტროლებელი ორგანო არ ჩამოყალიბებულა, რომელიც შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობას უზრუნველყოფდა.

Facebook-ის საშუალებით გამართული ონლაინ კონფერენციის დროს გიგი უგულავას 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის შესახებაც ჰკითხეს. 

ამასთან დაკავშირებით უგულავამ განაცხადა, რომ პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები იყო. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი შემთხვევები, რომლებიც "5–7 წუთი გაგრძელდა“, გამოიწვია სპეცრაზმის მიერ მიღებულმა შოკმა, როდესაც მათ შეიტყვეს, რომ აქციის ლიდერების ავტოკოლონამ ხალხს გადაუარა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა.

უგულავამ ასევე კომენტარი გააკეთა 26 მაისის მოვლენების გამოძიების მიზნით კომისიის შექმნის მოწოდებებზე.

„როდესაც კომისიის შექმნაზე საუბრობენ, თუ კომისია შესაქმნელია, ის შესაქმნელია თუ პოლიტიკურ შეფასებას გააკეთებს. პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს იმას, თუ რაც იყო დაგეგმილი და რაც ვერ განხორციელდა და ეს იყო კლასიკური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა,“ – განაცხადა მან.

This post is also available in: English Русский

Exit mobile version