სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 26 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ პირთა უფლებების, კერძოთ დაცვისა და მათი ადგილსამყოფელის ოჯახისთვის შეტყობინების "შეზღუდული“ უფლების აღდგენა.
“რამდენიმე ათეული პირის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია,“– აცხადებს გიორგი ტუღუში.
27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი იტყობინება, რომ 26 მაისს დაკავებული რამდენიმე ათეული პირი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში იქნენ გადანაწილებულნი. თუმცა „მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამომძიებლები დაუკავშირდნენ დაკავებულების ოჯახს და შეატყობინეს მათი ახლობლის დაკავების და მისი ადგილსამყოფელის შესახებ,“– აცხადებს სახალხო დამცველი.
“26 მაისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს თბილისის #2, მცხეთის, კასპის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და შიდა ქართლის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირები. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თბილისის #2 დმი–ში განთავსებული პირები იმავე დღეს, გადაიყვანეს სხვა იზოლატორებში. შესაბამისად, ადვოკატებმა ვერ შეძლეს მათი მონახულება. ამჟამად სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სხვა იზოლატორების მონიტორინგს, თუმცა, როგორც 26 მაისის პრაქტიკამ აჩვენა, გამორიცხული არაა, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს კვლავ შეუცვალონ ადგილსამყოფელი,“– ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 27 მაისს განაცხადა, რომ მის იურისტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა შევიდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები.
“ამ დრომდე უცნობია დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელი, რაც ზღუდავს დაცვის უფლების განხორციელებას,“ –ნათქვამია საია–ს განცხადებაში, რომელიც ასევე მოუწოდებს შსს–ის გაასაჯაროვოს ყველა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებდნენ აქციის დაშლის პროცესში.
იმავდროულად, რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებისაგან მოითხოვს "დაუყოვნებლივ“ გამოქვეყნდეს დაკავებულ პირთა ზუსტი სია.
27 მაისს გამართულ პრესკონფერნციაზე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ დღის ბოლოს იწურება კონსტიტუციით დადგენილი 48 საათიანი ვადა აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქეების სასამართლოში წარსადგენად, "შესაბამაისად, შეუძლებელი და დაუშვებელია უცნობი იყოს დაკავებულ პირთა რაოდენობა და ვინაობა".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლოს, 26 მაისს განაცხადა, რომ "90–მდე“ ადამიანია დაკავებული.