ობამამ სააკაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და პირობას დებს, რომ კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, ნათქვამია აშშ–ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას წერილში, რომლითაც მან პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი მიულოცა.

"მას შემდეგ, რაც საქართველომ თავისუფლება მოიპოვა, მის დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნად ჩამოყალიბების გზაზე ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ქართველი ხალხის  კეთილდღეობის,  უსაფრთხოებისა და დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით,“ – ნათქვამია პრეზიდენტ ობამას მისალოც ბარათში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდზე 25 მაისს გამოქვეყნდა.  
 
"საქართველოს მიღწევები კვლავაც სამაგალითოა მსოფლიოს სხვა დემოკრატიული მოძრაობებისათვის,“ – ნათქვამია წერილში.

აშშ–მა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ იმ წვლილისთვის, რომელიც მან გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში შეიტანა, მათ შორის, ავღანეთის მისიაში მონაწილეობით.

"აშშ პირობას დებს, რომ კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული მიღწევების გამყარებას, ფართო ეკონომიკური ზრდის მდგრადობას და მეზობლებთან მშვიდობიანად ცხოვრებას,“ – ნათქვამია წერილში. 

Exit mobile version