სახალხო დამცველი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ფაქტებს სწავლობს

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ მისი აპარატი სწავლობს ყველა იმ შესაძლო უფლებათა დარღვევის ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბათუმსა და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ და ასევე იმ ფაქტებს, რომლებიც უკავშირდება აქციების დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

“როგორც კი გვექნება სრული სურათი, სახალხო დამცველი მისცემს ყველაფერს ზუსტ შეფასებას,“– განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს 24 მაისს და დასძინა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს იზოლატორებში დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტები.   

“ყველა შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანი ჩატარება და აქციას არ უნდა შეეშალოს ხელი, თუ იგი მშვიდობიანია, გარეშე პირების მიერ,“– განაცხადა მან.

ტუღუშის განცხადებით, ასევე "კატეგორიულად დაუშვებელია“ ჟურნალისტებისათვის "სიტყვიერი და ფიზიკური“ შეურაცხყოფის მიყენება, "მიუხედევად იმისა მოგვწონს, თუ არა რომელიმე მედია საშუალება“.  

"არ უნდა დარჩენ ის პირები, იქნება ეს საჯარო თუ კერძო პირი, დაუსჯელნი, რომლებიც ძალადობენ ჟურნალისტებზე,“– აღნიშნა მან საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებთან დაკავშირებული ინციდენტების კომენტირებისას. 

 

Exit mobile version