ანალიზიახალი ამბები

გაეროს სასამართლო საქართველო vs რუსეთის საქმის არსებით განხილვას არ დაიწყებს

სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ჰისაში ოვადა საჯარო 
სხდომაზე რუსეთის შუამდგომლობის შესახებ სასამართლოს 
გადაწყვეტილებას კითხულობს, 1 აპრილი, 2011 წელი. 
ფოტო: Courtesy ICJ/Fotoburo Dijkstra BV/პიტერ ბრომი  

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (International Court of Justice – ICJ) გაიზიარა რუსეთის ერთ-ერთი შუამდგომლობა და გადაწყვიტა, რომ სასამართლო არ დაიწყებს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას.

10 ხმით 6–ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ "მას არ გააჩნია უფებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი“, განაცახდა სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლემ ჰისაში ოვადამ ჰააგაში 1 აპრილს გამართულ საჯარო სხდომაზე. 

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოში შეიტანა, სადაც აცხადებდა, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.

თუმცა, სანამ სასამართლო საქმის არსებით განხილვას შეუდგებოდა, რუსეთის ფედერაციამ 2009 წლის დეკემბერში შეიტანა შუამდგომლობა, სადაც ამტკიცებდა, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა ამ სარჩელის განხილვა.

ამ შუამდგომლობის გასამყარებლად რუსეთს რამოდენიმე არგუმენტი მოყავდა.

ერთ–ერთი მათგანის მიხედვით,  თბილისსა და მოსკოვს შორის „არანაირი დავა“ არ არსებობდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და რომ თბილისს ეს საკითხი ოფიციალურად არასდროს დაუყენებია პირდაპირ მოსკოვის წინაშე. 

ეს არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა და განაცხადა, რომ იმ დღისთვის, როდესაც საქართველომ სარჩელი შეიტანა, ორ ქვეყანას შორის რუსეთის მიერ CERD–ის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დავა არსებობდა. 

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც რუსეთმა წამოაყენა იმის დასამტკიცებლად, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის უფლებამოსილება არ გააჩნდა, უკავშირდებოდა CERD–ის 22–ე მუხლით განსაზღვრულ პროცედურებს.

რუსეთი აცხადებდა, რომ ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე საქართველოს ეს საკითხი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტში უნდა დაეყენებინა და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვთან უნდა ეწარმოებინა.
 
სასამართლომ რუსეთის ეს არგუმენტი მართებულად მიიჩნია და განაცხადა, რომ სარჩელის ჰააგის სასამართლოში შეტანამდე საქართველოს არ უცდია კონკრეტულად CERD–თან დაკავშირებული საკითხები რუსეთთან განეხილა და ასევე არ უცდია კონვენციის 22–ე მუხლით გათვალისწინებული დავის მოგვარების სხვა მექანიზმები გამოეყენებინა, სანამ ის პირდაპირ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდა. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ დაიწყოს საქართველოს სარჩელის არსებითი განხილვა.

მსგავსი/Related

Back to top button