ბაქრაძე: რუსეთი ძალის არგამოყენების პირობაზე უარს “ბავშვური“ არგუმენტით ხსნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 23 მარტს, რომ დასავლეთმა "არ უნდა იყიდოს“ რუსეთის "ბავშვური და არასერიოზული“ არგუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი ძალის არგამოყენების პირობას იმიტომ არ დებს, რომ კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.

"მაპატიეთ, მაგრამ ვისი ტანკები დგანან თბილისიდან 40 კილომეტრში? ამრიგად, ვინ არის კონფლიქტის მხარე, თუ არა რუსეთი?“ – განაცხადა ბაქრაძემ.

თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე გამოსვლისას, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ძალის არგამოყენებაზე რუსეთის პირობის მიღება "უახლოეს მიზანს“ წარმოადგენს, რაც დაეხმარებოდა „ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ ვითარების შედარებით სტაბილიზაციას და საშუალებას მოგვცემდა შეგვექმნა ნორმალური ნიადაგი პოლიტიკური დიალოგისთვის“ რუსეთთან.

სემინარზე საუბრისას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გერმანელმა დეპუტატმა კარლ ლამერსმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და „სინანული“ გამოთქვა იმის გამო, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის წევრებმა უარი თქვეს მონაწილეობა მიეღოთ როუზ-როსის სემინარში თბილისში. ლამერსმა განაცხადა, რომ რუსულმა დელეგაციამ თავისი უარის მიზეზი არ დაასახელა.   

This post is also available in: English Русский

Exit mobile version