პეტრე ცისკარიშვილი ისრაელის ორი დაკავებული მოქალაქის საქმის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი ისრაელიდან, რომელიც ამჟამად საქართველოშია დაკავებული მოქრთამვის მცდელობის ბრალდებით, "აშანტაჟებდა“ საქართველოს და ცდილობდა ათობით მილიონი დოლარი „გამოეძალა“ ქვეყნისთვის ნავთობის ტრანსპორტირებასა და მოპოვებაზე იმ გაუქმებული უფლებების საკომპენსაციოდ, რომელიც მან 90–იანი წლების დასაწყისში "მოქრთამვის“ გზით მოიპოვა.

დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა ეს განცხადება საპარლამენტო დებატების დროს გააკეთა, რასაც წინ უძღოდა პრემიერ–მინისტრის ნიკა გილაურის, ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის და ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოში. ამ უკანასკნელს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჰკითხა ახდენდა თუ არა ისრაელის ორი მოქალაქის დაკავება უარყოფით ზეგავლენას ქვეყანაში  არსებულ ბიზნეს გარემოზე. ეკონომიკის მინისტრმა ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდა, განაცხადა რა, რომ საქმეს სასამართლო განიხილავს და რომ ის ამ საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებდა. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, ეკონომიკის მინისტრსაც სთხოვა ისრაელის ხელისუფლებამ გადაედო ვიზიტი ისრაელში ორი დაკავებული ბიზნესმენის საქმის გამო.

ისრაელის მოქალაქე რონ ფუქსი და მისი პარტნიორი, ზეევ ფრენკიელი ქართველმა სამართალდამცავებმა ოქტომბერში დააკავეს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში დასდეს ბრალი. ფუქსმა ხანგრძლივი, 98.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის  კომერციული დავა მოიგო საქართველოსთან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში.

საქმე 90–იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც ფუქსმა და მისმა ბერძენმა ბიზნეს პარტნიორმა საქართველოში ნავდობსადენის ქსელის განვითარებაზე უფლება მიიღეს; თუმცა, ეს უფლება საქართველოს მთავრობამ მათ 1996 წელს გაუუქმა. ამის შემდეგ ფუქსი და მისი ბიზნეს პარტნიორი ამაოდ ცდილობდნენ საქართველოს მთავრობასთან დავის მოგვარებას. საბოლოოდ, 2004 წელს ორმა ბიზნესმენმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს.

ამ საკითხზე საუბრისას დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა, რომ ეს საკითხი კარგად აუხსნან საზოგადოებას. მისი თქმით, ფუქსმა საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირების და მოპოვების უფლება "მოქრთამვის“ გზით მიიღო.

"ამ ლეგალური საბუთის საფუძველზე, რომელიც მან მიიღო სხვადასხვა ქრთამების გადახდით – მე ამაზე ძალიან ღიად შემიძლია ვისაუბრო იმიტომ, რომ სხვანაირად ასეთ საბუთს მაშინ არავინ არ გასცემდა – წავიდა და ჩიოდა სხვადასხვა სასამართლოებში, აშანტაჟებდა ქვეყანას, რომ გამოეძალა ქვეყნისთვის 100 მილიონი დოლარი,“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.

"არ მინდა წინ გავუსწრო გამოძიებას და სიმართლეს საბოლოოდ გამოძიება იტყვის… შემდეგ რაღაც ქრთამების შემოთავაზება დაიწყო ჩვენი, უკვე თანამედროვე სახელმწიფო მოხელეებისთვის, ე.წ. "ატკატების“ მიცემა, სახელმწიფოდან ამ თანხის გამოძალვის სანაცვლოდ,“ – განაგრძო მან. „და თქვენ [მიმართა ოპოზიციას] ამბობთ, რომ ასეთი ადამიანი როდესაც ქვეყანაში ჩამოდის და ამ ქვეყნისთვის უნდა სრულიად უსამართლოდ გამოძალოს ამხელა თანხა და შემდეგ ქრთამის მიცემის ბრალდებით ის პრობლემებში აღმოჩნდება, ეს აუარესებს ბიზნეს გარემოს?“

"ასეთი ბიზნესმენები ჩვენ არ გვჭირდება და ნუ ჩამობრძანდებიან აქ ქრთამების გადასახდელად და ქვეყნისთვის თანხების გამოსაძალად,“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისრაელის ორი მოქალაქის საქმეზე მოსმენა დასასრულს უახლოვდება. 21 მარტს სასამართლომ ბრალდების მხარის დასკვნით არგუმენტებს მოუსმინა, ხოლო 23 მარტს დაცვის მხარეს მოუსმენს; ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.

 

 

This post is also available in: English Русский

Exit mobile version