ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ოპოზიციას შეხვდა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი, რომელიც თბილისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს, 16 მარტს ექვსი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ; ლეიბორისტული პარტიის წევრმა ნესტან კირთაძემ; მანანა ნაჭყებიამ ახალი მემარჯვენეებიდან; რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა; ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა; და ნიკა ლალიაშვილმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს და ლეიბორისტული პარტიის გარდა, დანარჩენი პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, იმ რვა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარ ჯგუფში შედიან, რომლებიც შეთანხმდნენ ხელისუფლებასთან ერთად განიხილონ საარჩევნო სისტემის რეფორმა.

შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ დემოკრატიის, საარჩევნო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლების და ასევე საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის საჭიროების საკითხები განიხილეს.   

„ჩვენ [ოპოზიციის წარმომადგენლები] პრაქტიკულად ყველანი ერთი და იგივეს ვლაპარაკობდით როგორც კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით, ასევე დემოკრატიის არარსებობასთან დაკავშირებით,“ – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, არავის, მათ შორის ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებში ჩართულ პარტიებსაც კი არ სჯერათ, რომ ამ პროცესს რაიმე შედეგი მოყვება.   

ნინო ბურჯანაძემ 15 მარტს სახალხო კრების თბილისის ორგანიზაციის ხალხმრავალ შეკრებაზე ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუციის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მისი პარტია და სახალხო კრება მზად არიან ამგვარი განვითარებისთვის.

დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ერთობლივი წინადადებები წარადგინა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამ წინადადებების მხარდაჭერაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ისინი ავტომატურად გზას გაუხსნიან მათ, ვისაც არჩევნების გარეშე სურთ ხელისუფლების შეცვლა.    

 

This post is also available in: Русский

Exit mobile version