ახალი სამიზნე თარიღი – 2015 წელი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2015 წელი დაასახელა იმ სხვადასხვა ამოცანების განხორციელების თარიღად, რომლებზეც მან 11 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა იმ მიზნებს შორის, რომელიც მისი თქმით 2015 წლისთვის უნდა შესრულდეს, დაასახელა: სასოფლო–სამეურნეო წარმოების გაორმაგება; ექსპორტის გაორმაგება; სახელმწიფო ბიუჯეტის გაორმაგება; უმუშევრობის არსებული დონის განახევრება; საშუალო ხელფასების 50%–იანი ზრდა; მოსახლეობის ზრდა 5 მილიონამდე; უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა 5 მილიონამდე; 17 ახალი ჰესის მშენებლობა.

„ალბათ შეამჩნიეთ, რომ სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას მე არაერთხელ დავასახელე 2015 წელი,“– განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც წარსულში ხშირად ახსენებდა 2013 წელს მთავარი ამოცანების შესრულების თარიღად.

სააკაშვილმა, რომლის პრეზიდენტობის მეორე და საბოლოო ვადა 2013 წელს იწურება, განაცხადა, რომ 2015 წელი „საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის“ საფუძველზე განისაზღვრა, „რომელიც არ ერგება არავითარ საარჩევნო ვადებს და ცალკეული პიროვნების პოლიტიკურ კარიერას და თუნდაც ამ პარლამენტის ვადას“, რომელიც 2012 წელს იწურება.

„არამედ [ის ერგება] იმას, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ხალხმა უნდა იცოდეს საითკენ მივდივართ და კურსი გაგრძელდება, აუცილებლად გაგრძელდება,“ – განაცხადა სააკაშვილმა. ადრე მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი სურვილია „რეფორმატორთა გუნდი“ ხელისუფლებაში დარჩეს მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

„ყველაფერი იმას, რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერი უკვე დაწყებული იქნება 2012–2013 წლებში. ეს არაფერი ახალი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში დასრულდება 2015 წელს,“ – განაცხადა მან.

„და ამიტომ 2015 წელი ამ გეგმის პირველი შედეგების შეჯამების წელიწადი იქნება.  ჩვენი გეგმა ეფუძნება საქართველოს შესაძლებლობებს, რეფორმების მიმდინარეობის არსებულ დინამიკას, ჩვენ ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს და უკვე დაწყებულ პროექტებს. საქართველოს განვითარების გეგმა მოიცავს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორს და სახელმწიფო საქმიანობის ყველა მნიშვნელოვან სფეროს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

‘მოდერნიზაცია’

სააკაშვილმა თავის 70–წუთიან გამოსვლას „მოდერნიზაციის შესახებ მოხსენება“ უწოდა.

„მოდერნიზაცია იქნება ჩვენი ცხოვრების ამ ისტორიული ეტაპის, ჩვენი საზოგადოების დროსა და ეპოქასთან შეჯიბრის, ჩემი მთავრობისა და პირადად ჩემი მთელი მოღვაწეობის ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანა და შედეგი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„ზოგიერთისთვის მოდერნიზაცია შეიძლება სიტყვის მასალა იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ პოსტ–საბჭოთა ქვეყნიდან საქართველო ვაქციოთ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ყველაზე სწრაფად გაიზრდება ევროპაში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.  

„მოდერნიზაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოაქალაქე იყოს უფრო განათლებული, უფრო კონკურენტუნარიანი, ჰქონდეს თანამედროვე ცოდნა და თავს გრძნობდეს საქართველოს პატრიოტად, მაგრამ ამავე დროს მსოფლიოს მოქალაქედ, კაცობრიობის მედროშედ, თავისუფალ ადამიანად, ვისთვისაც ყველა შესაძლებლობა გახსნილია და რომელსაც არ გააჩნია არასრულფასოვნების კომპლექსი. იმიტომ რომ ეს არის ის კომპლექსი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ამკვიდრებდნენ იმპერიები – დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვნება – ეს არის ის, რაც საშუალებას აძლევდა იმპერიას ყოველთვის მცდელობა ჰქონდა, რომ მორჩილებაში ყოლოდა საქართველო. როგორც კი მოვიშორებთ ჩვენ საბოლოოდ ამ არასრულფასოვნების კომპლექსს ვერავინ, ვერასდროს ჩვენ მონობაში ვეღარ დაგვაბრუნებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ,“ – განაცხადა მან. 

„მოდერნიზაცია ნიშნავს სახელმწიფოს მიერ გატარებულ და გასატარებელ რეფორმებს, რომელთაც მივყავართ უფრო ცივილიზებულ, უფრო პროგრესულ, უფრო დემოკრატიულ სახელმწიფომდე; ნიშნავს ცვლილებებს და ინოვაციებს, რომლებიც გაგვინათებენ გზას უფრო გახსნილი, უფრო წარმატებული და უფრო თანამედროვე საზოგადოებისკენ. საზოგადოებისკენ რომელიც არ იკეტება საკუთარ ნაჭუჭში, რომელსაც არ გააჩნია ფობიები, რომელიც არის მრავალეთნიკური და მრავაკონფესიური, რომელშიც ყველა თემი არის ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი; საზოგადოებისკენ, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ მისტიროდეს მუდმივად წარსულს, ოცნებობს და ისწრაფვის მომავლისკენ, საზოგადოებისკენ, რომელიც შედგება თავისუფალი ადამიანებისგან, თავისუფალი აზროვნებით, თავისუფალი ცხოვრების წესით“. 

„მოდერნიზაცია ნიშნავს გამარჯვებული მენტალიტეტის საქართველოს, სადაც პოლიტიკოსები და საზოგადოება ერთ მუშტად იქნება შეკრული ქვეყნის ინტერესების დასაცავად მაშინაც, როდესაც მათ შორის იქნება დიდი პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავება; საქართველოს, სადაც ვეღარასდროს დაბრუნდება ქურდული გაგება, ვეღარასდროს დაბრუნდება უბნური და ეთნიკური დაყოფა, ვეღარასდროს მოიკიდებს ფეხს კორუფცია; ნიშნავს საქართველოს, სადაც პიროვნების თავისუფლებაა ქვეყნის ქვაკუთხედი, რომელიც დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო სისტემაში როგორც სუვერენული, ერთიანი და ძალიან წარმატებული სახელმწიფო, რომლის არსებობას ვერცერთი იმპერია ვეღარ შეეცილება,“ – განაცხადა მან. 

„ჩვენ ერთი წუთით არ ჩავხრით მუხლს საქართველოს მოდერნიზაციისთვის ბრძოლაში და შრომაში. ამიტომ ჩვენ გადავლახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას და დავძლევთ ნებისმიერ სირთულეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიმოძრავებთ მხოლოდ და მხოლოდ წინ და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ჩვენ ბრძოლას, აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის საკითხებს სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ „მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებას მიაღწია გასულ წელს“, ვინაიდან ტერმინი „ოკუპაცია“ დაინერგა საერთაშორისო დონეზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

„დღეს აღარ არსებობს კითხვის ნიშნები იმაზე, თუ ვის მხარეს არის საერთაშორისო თანამეგობრობა,“ – განაცხადა მან. „მთელი მსოფლიო ხედავს ვინ არის აგრესორი და ვინ არის მშვიდობის მხარეს“.

რუსეთთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ საქართველოს სურს დიალოგი მოსკოვთან, თუმცა საქართველო არასდროს შეეგუება საქართველოს დაშლას და ოკუპაციას.

„რუსეთის ხელმძღვანელობის კურსს მომავალი არ აქვს,“ – განაცხადა მან, „იმპერიის იდეა კვლავ ცოცხალია, თუმცა მას მომავალი არ აქვს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმპერიის მილევის პერიოდში… აუცილებლად ყველანაირი იმპერიული ინსტინქტები დაჩლუნგდება,“– განაცხადა მან და დასძინა: „განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს გარდაცვლილი საბჭოთა იმპერიის ხელოვნურად გაცოცხლების“ მცდელობისას.    

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს კურსი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ „ურყევია“ და რუსეთის მცდელობა საქართველოს იზოლაცია მოეხდინა წარუმატებელი გამოდგა. „ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ქართველი ხალხის არჩევანზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

დებატები

პრეზიდენტის ძირითადი გამოსვლის შემდეგ დებატები დეპუტატების გამოსვლებით გაიხსნა და დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.

გიორგი ახვლედიანმა ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციიდან განაცხადა, რომ განვლილ წლებში პრეზიდენტის მიერ გაცემული დაპირებების 10%–იც კი არ არის შესრულებული. მან პრეზიდენტს დევნილების პრობლემა შეახსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დევნილებს „ატყუებს“. მისი თქმით, ხელისუფლება „უსამართლოდ“ ექცევა ასევე ვეტერანებსაც, რომელთაც კანონით ადრე გათვალისწინებული „მინიმალური შეღავათები“ მოეხსნათ. „თქვენი პასუხი კარგად ვნახეთ გმირთა მოედანზე 3 იანვარს [ვეტერანთა აქციის დაშლისას],“– მიმართა მან პრეზიდენტს. ახვლედიანის თქმით, ხელისუფლება არღვევს საკუთრების უფლებას და ხელვაჩაურის რაიონში მიწების ჩამორთმევის მაგალითი მოიყვანა. იგი მიესალმა დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობას, თუმცა მიმართა პრეზიდენტს: „თქვენ ელიტარული კორუფცია შექმენით“. მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება მთის საზღვრისპირა სოფლების დაცლის პრობლემისადმი უყურადღებობის გამო, რაც „ე.წ. მცოცავი ანექსიის“ საფრთხესთან არის დაკავშირებული.  „ეჭვი მაქვს, რომ თქვენ დიდხანს აპირებთ ხელისუფლებაში დარჩენას, მაგრამ უნდა იმედები გაგიცრუოთ  – თქვენი იმედები არ ემთხვევა ქართველი ერის იმედებს. აპირებთ თუ არა თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ მშვიდობიანად გადააბაროთ ხელისუფლება, თუ ხელისუფლების უზურპირებას“ გეგმავთ  –  ამ კითხვით მიმართა მან გამოსვლის დასასრულს მიხეილ სააკაშვილს.

გია თორთლაძე, ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე საპარლამენტო უმცირესობიდან მიესალმა რა თავის გამოსვლაში სოფლის მეურნეობის სფეროში პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ გეგმებს, ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართულ სოფლებში პირდაპირი სახელმწიფო სუბსიდირებისკენ მოუწოდა. მან შესთავაზა პენსიონერებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის შემოღება.  მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმა „ნელა“ მიმდინარეობს და ეს პროცესი „დასაჩქარებელია“.  მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ მოიწონებენ გარემოს დაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეორგანიზაციას, რასაც მან უწყების „გაუქმება“ უწოდა.

პავლე კუბლაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან გააკრიტიკა ოპონენტები იმის გამო, რომ მათ დევნილთა პრობლემებზე საუბრისას ხაზი არ გაუსვეს იმას, რაც ამ კუთხით ხელისუფლებამ დადებითი ნაბიჯები გააკეთა. მისი თქმით, რეფორმების რადიკალური კურსი არ უნდა შეჩერდეს.

პაატა დავითაიამ, ვიცე–სპიკერმა და პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერმა დევნილთა პრობლემებს მიუძღვნა თავისი გამოსვლა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული საჯარო რეესტრის მონაცემებით 720 დევნილ ოჯახს აქვს დაკანონებული საკუთრება და არა 25 ათასს, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს. მისი თქმით, აფხაზებმა და ოსებმა უნდა დაინახონ, რომ ამ რეგიონებიდან დევნილებს ექცევიან კარგად და „იქნებ მათაც მოუბრუნდეთ გული". იგი მიესალმა საქართველოსთან მიმართებაში ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრებას საერთაშორისო დონეზე.

ლევან ვეფხვაძემ, ვიცე–სპიკერმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ქვეყანაში მონოპოლიების არსებობაზე ისაუბრა და ამ მხრივ შაქრის, ასევე ბენზინის სფეროში არსებული ვითარება მოიყვანა მაგალითად. მისი თქმით, მონოპოლიები განაპირობებს იმას, რომ რეგიონში ამ პროდუქტებზე საქართველოში ყველაზე მაღალი ფასია. მან ასევე წამგებიანი უწოდა აზერბაიჯანთან გაზის მოწოდების თაობაზე გაფორმებული შეთანხმების პირობებს, რაზეც პრეზიდენტი შეეკამათა და თხოვა დაესახელებინა, რომელი ევროპული ქვეყანა იღებს გაზს იმაზე იაფად, ვიდრე საქართველო (160 აშშ დოლარად ათას კუბურ მეტრზე).

დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა თავი გამოსვლაში თავისუფალი სასამართლო სისტემის არ არსებობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი საპროცესო შეთანხმებით ივსება, "მედიის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების სამსახურშია", "ფეხქვეშ არის გათელილი საკუთრების უფლება". მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება ბელორუსის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული პოზიციის გამო. „ვხედავ თქვენ დაახლოებას ბელორუსის ლიდერთან,“– მიმართა მან პრეზიდენტს, "სად არის დეკლარირებული პროდასავლური კურსი?“ მან ასევე შეახსენა სააკაშვილს მის მიერ დაპირებული „100 დოლარიანი პენსია“. მან  "გაუმართლებელი" ხარჯების შეჩერებისკენ მოუწოდა მაშინ, როცა ხალხი, მისი თქმით, "ნაგავში იქექება“.

აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ოპონენტების გამოსვლები გააკრიტიკა „უპასუხიმგებლო გამოხატვის თავისუფლების“ გამო, რასაც აკლდა ყოველგვარი "არგუმენტები და დასაბუთება".

დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან განაცხადა, რომ ის იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს ხედავს. „შეცვალეთ კურსი იმ სფეროებში, სადაც ჩავარდნაა,“– მიმართა მან პრეზიდენტს.  მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება „სოციალური უთანასწორობის და ელიტარული კორუფციის დასამარცხებლად“.  პრეზიდენტმა თხოვა დეპუტატ ჩახვაძეს, რომ დაესახელებინა ის კონკრეტული პირი ქართული პოლიტიკური ელიტიდან, რომელიც პარლამენტის დარბაზში იყო წარმოდგენილი და რომელზეც კორუფციული ეჭვი გააჩნდა. ჩახვაძემ უპასუხა, რომ მას არ აქვს ეჭვი არც პრეზიდენტზე და არც მინისტრებზე ამ კუთხით, მაგრამ დაასახელა ის საშუალო რგოლის თანამდებობის პირები, რომელთაც დროდადრო კორუფციის ბრალდებით აკავებენ. „საშუალო ელიტარულ კორუფციას დავარქმევდი ამას,“– განაცხადა მან.

“ან არის კორუფცია ყველგან ან არის კორუფცია არსად,“– იყო სააკაშვილის რეპლიკა, "გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მთლიანობაში არის ძალიან სუფთა და ეს არის ჩვენი მთავარი მიღწევა“.

საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თავისი გამოსვლა ტუნისსა და ეგვიპტეში მმართველი რეჟიმების ცვლის მაგალითით დაიწყო და განაცხადა, რომ ლიდერს ხელისუფლებიდან წასვლა უნდა შეეძლოს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი გახდეს, რაც მისი თქმით, წელსვე საარჩევნო გარემოს რადიკალურ ცვლილებების გატარების მიხედვით გაირკვევა. „მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი მხარდამჭერი, მაგრამ ჩვენ ან ერთად წავალთ წინ ან ორმოში ჩავარდნა და თქვენი მუბარაქიზაცია გარდაუვალია,“– მიმართა თარგამაძემ პრეზიდენტს. მან ხელისუფლება გააკრიტიკა ქვეყანაში „გენმოდიფიცირებული“ მედიისა და „ნახევარფაბრკატი“ სასამართლოს არსებობის გამო. მან ასევე ჩამოთვალა ხელისუფლების ყველა ის „უტოპიური პროექტები“, მათ შორის ანტიკრიზისული პროგრამა, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, 100 საავადმყოფოს, 100 საწარმოს პროგრამები, იაფი დაზღვევის პროგრამა, რომლებიც, მისი თქმით, „ჩავარდა“. თარგამაძის თქმით, ხელისუფლების მტკიცება „საინვესტიციო ბუმსა და რიგში მდგარი ინვესტორების“ შესახებ უბრალოდ „მითია“. თარგამაძემ განაცხადა, რომ „კორუფციის პირამიდის სათავეში“ დგას პრეზიდენტი იმ ფაქტის გამო, რომ მის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ვერ ნახავ შესაბამის ბრძანებულებებს და "ვერ გაიგებ ფული რაში იხარჯება“.

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ეგვიპტისა და საქართველოს ერთმანეთთან შედარება „არაადეკვატური“ და „უსამართლოა“, რადგან ეგვიპტეში ამჟამად განვითარებული მოვლენები საქართველოში უკვე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ დროს. მისი თქმით, ამ ორ ქვეყანაში მოდერნიზაციაც სხვადასხვა ტემპებით არის განხორციელებული. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არის ორი სახის ოპოზიცია: შეურაცხადი და არაკომპეტენტური. მან ამ უკანასკნელს ქრისტიან–დემოკრატები მიაკუთვნა და განაცხადა, რომ "შეურაცხად ოპოზიციას არ ექნება არანაირი ვარიანტი, რომ ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს“.

თავის შემაჯამებელ სიტყვაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში გამართულმა „მაღალი ხარისხის“ დებატებმა აჩვენა, „თუ რამდენად შორს წავიდა ქართული დემოკრატია“. მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, იყო უსამართლო კრიტიკაც, „ბევრი რაღაც გასაანალიზებელი და შესასწავლია“.

„ამ დარბაზში გავაკეთე იმის დემონსტრირება, რომ კრიტიკის ატანა შემიძლია,“– განაცხადა მან და ოპონენტებს მიმართა: „თქვენ გამზადებთ, რომ თქვენ უნდა დაიკავოთ ჩვენი ადგილები იმ ტრიბუნაზე [მმართველი პარტიისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე მიუთითა]… იჩქარეთ თქვენც და იმუშავეთ… იმიტომ, რომ მოდის ახალი თაობა, რომელმაც შეიძლება თქვენ კი არ დაიკავოთ ჩვენი ადგილი, ადგეს და იმან დაიკავოს“.

პრეზიდენტი ასევე შეეხო ეგვიპტის რევოლუციასთან პარალელების გავლების თემასაც და ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი მოვლენების ავანგარდში ერთ–ერთი პირველი საქართველო იყო. „მიუხედავად იმისა, რომ საამაყო შეიძლება გვაქვს რომ პრეცედენტი შევქმენით [2003 წელს "ვარდების რევოლუციით], მთავარი რევოლუცია დაიწყო შემდეგ. მთავარი რევოლუცია არის ის, რომ მუდმივად იყო რეფორმების რეჟიმში… ჩვენ მუდმივად ვიქნებით წინსვლის რეჟიმში,“– განაცხადა მან. 

Exit mobile version