პრეზიდენტმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა.  

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი პუნქტები:

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით, ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ, დებატები დეპუტატების გამოსვლებით გაიხსნა.

გიორგი ახვლედიანმა ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციიდან განაცხადა, რომ განვლილ წლებში პრეზიდენტის მიერ გაცემული დაპირებების 10%–იც კი არ არის შესრულებული. მან პრეზიდენტს დევნილების პრობლემა შეახსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დევნილებს „ატყუებს“. მისი თქმით, ხელისუფლება „უსამართლოდ“ ექცევა ასევე ვეტერანებსაც, რომელთაც კანონით ადრე გათვალისწინებული „მინიმალური შეღავათები“ მოეხსნათ. „თქვენი პასუხი კარგად ვნახეთ გმირთა მოედანზე 3 იანვარს [ვეტერანთა აქციის დაშლისას],“– მიმართა მან პრეზიდენტს. ახვლედიანის თქმით, ხელისუფლება არღვევს საკუთრების უფლებას და ხელვაჩაურის რაიონში მიწების ჩამორთმევის მაგალითი მოიყვანა. იგი მიესალმა დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობას, თუმცა მიმართა პრეზიდენტს: „თქვენ ელიტარული კორუფცია შექმენით“. მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება მთის საზღვრისპირა სოფლების დაცლის პრობლემისადმი უყურადღებობის გამო, რაც „ე.წ. მცოცავი ანექსიის“ საფრთხესთან არის დაკავშირებული.  „ეჭვი მაქვს, რომ თქვენ დიდხანს აპირებთ ხელისუფლებაში დარჩენას, მაგრამ უნდა იმედები გაგიცრუოთ  – თქვენი იმედები არ ემთხვევა ქართველი ერის იმედებს. აპირებთ თუ არა თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ მშვიდობიანად გადააბაროთ ხელისუფლება, თუ ხელისუფლების უზურპირებას“ გეგმავთ  –  ამ კითხვით მიმართა მან გამოსვლის დასასრულს მიხეილ სააკაშვილს.

გია თორთლაძე, ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე საპარლამენტო უმცირესობიდან მიესალმა რა თავის გამოსვლაში სოფლის მეურნეობის სფეროში პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ გეგმებს, ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართულ სოფლებში პირდაპირი სახელმწიფო სუბსიდირებისკენ მოუწოდა. მან შესთავაზა პენსიონერებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის შემოღება.  მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმა „ნელა“ მიმდინარეობს და ეს პროცესი „დასაჩქარებელია“.  მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ მოიწონებენ გარემოს დაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეორგანიზაციას, რასაც მან უწყების „გაუქმება“ უწოდა.

პავლე კუბლაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან გააკრიტიკა ოპონენტები იმის გამო, რომ მათ დევნილთა პრობლემებზე საუბრისას ხაზი არ გაუსვეს იმას, რაც ამ კუთხით ხელისუფლებამ დადებითი ნაბიჯები გააკეთა. მისი თქმით, რეფორმების რადიკალური კურსი არ უნდა შეჩერდეს.

პაატა დავითაიამ, ვიცე–სპიკერმა და პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერმა დევნილთა პრობლემებს მიუძღვნა თავისი გამოსვლა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული საჯარო რეესტრის მონაცემებით 720 დევნილ ოჯახს აქვს დაკანონებული საკუთრება და არა 25 ათასს, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს. მისი თქმით, აფხაზებმა და ოსებმა უნდა დაინახონ, რომ ამ რეგიონებიდან დევნილებს ექცევიან კარგად და „იქნებ მათაც მოუბრუნდეთ გული". იგი მიესალმა საქართველოსთან მიმართებაში ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრებას საერთაშორისო დონეზე. 

ლევან ვეფხვაძემ, ვიცე–სპიკერმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ქვეყანაში მონოპოლიების არსებობაზე ისაუბრა და ამ მხრივ შაქრის, ასევე ბენზინის სფეროში არსებული ვითარება მოიყვანა მაგალითად. მისი თქმით, მონოპოლიები განაპირობებს იმას, რომ რეგიონში ამ პროდუქტებზე საქართველოში ყველაზე მაღალი ფასია. მან ასევე წამგებიანი უწოდა აზერბაიჯანთან გაზის მოწოდების თაობაზე გაფორმებული შეთანხმების პირობებს, რაზეც პრეზიდენტი შეეკამათა და თხოვა დაესახელებინა, რომელი ევროპული ქვეყანა იღებს გაზს იმაზე იაფად, ვიდრე საქართველო (160 აშშ დოლარად ათას კუბურ მეტრზე).

დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა თავი გამოსვლაში თავისუფალი სასამართლო სისტემის არ არსებობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი საპროცესო შეთანხმებით ივსება, "მედიის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების სამსახურშია", "ფეხქვეშ არის გათელილი საკუთრების უფლება". მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება ბელორუსის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული პოზიციის გამო. „ვხედავ თქვენ დაახლოებას ბელორუსის ლიდერთან,“– მიმართა მან პრეზიდენტს, "სად არის დეკლარირებული პროდასავლური კურსი?“ მან ასევე შეახსენა სააკაშვილს მის მიერ დაპირებული „100 დოლარიანი პენსია“. მან  "გაუმართლებელი" ხარჯების შეჩერებისკენ მოუწოდა მაშინ, როცა ხალხი, მისი თქმით, "ნაგავში იქექება“.

აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ოპონენტების გამოსვლები გააკრიტიკა „უპასუხიმგებლო გამოხატვის თავისუფლების“ გამო, რასაც აკლდა ყოველგვარი "არგუმენტები და დასაბუთება".

დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან განაცხადა, რომ ის იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს ხედავს. „შეცვალეთ კურსი იმ სფეროებში, სადაც ჩავარდნაა,“– მიმართა მან პრეზიდენტს.  მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება „სოციალური უთანასწორობის და ელიტარული კორუფციის დასამარცხებლად“.  პრეზიდენტმა თხოვა დეპუტატ ჩახვაძეს, რომ დაესახელებინა ის კონკრეტული პირი ქართული პოლიტიკური ელიტიდან, რომელიც პარლამენტის დარბაზში იყო წარმოდგენილი და რომელზეც კორუფციული ეჭვი გააჩნდა. ჩახვაძემ უპასუხა, რომ მას არ აქვს ეჭვი არც პრეზიდენტზე და არც მინისტრებზე ამ კუთხით, მაგრამ დაასახელა ის საშუალო რგოლის თანამდებობის პირები, რომელთაც დროდადრო კორუფციის ბრალდებით აკავებენ. „საშუალო ელიტარულ კორუფციას დავარქმევდი ამას,“– განაცხადა მან. 

“ან არის კორუფცია ყველგან ან არის კორუფცია არსად,“– იყო სააკაშვილის რეპლიკა, "გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მთლიანობაში არის ძალიან სუფთა და ეს არის ჩვენი მთავარი მიღწევა“. 

საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თავისი გამოსვლა ტუნისსა და ეგვიპტეში მმართველი რეჟიმების ცვლის მაგალითით დაიწყო და განაცხადა, რომ ლიდერს ხელისუფლებიდან წასვლა უნდა შეეძლოს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი გახდეს, რაც მისი თქმით, წელსვე საარჩევნო გარემოს რადიკალურ ცვლილებების გატარების მიხედვით გაირკვევა. „მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი მხარდამჭერი, მაგრამ ჩვენ ან ერთად წავალთ წინ ან ორმოში ჩავარდნა და თქვენი მუბარაქიზაცია გარდაუვალია,“– მიმართა თარგამაძემ პრეზიდენტს. მან ხელისუფლება გააკრიტიკა ქვეყანაში „გენმოდიფიცირებული“ მედიისა და „ნახევარფაბრკატი“ სასამართლოს არსებობის გამო. მან ასევე ჩამოთვალა ხელისუფლების ყველა ის „უტოპიური პროექტები“, მათ შორის ანტიკრიზისული პროგრამა, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, 100 საავადმყოფოს, 100 საწარმოს პროგრამები, იაფი დაზღვევის პროგრამა, რომლებიც, მისი თქმით, „ჩავარდა“. თარგამაძის თქმით, ხელისუფლების მტკიცება „საინვესტიციო ბუმსა და რიგში მდგარი ინვესტორების“ შესახებ უბრალოდ „მითია“. თარგამაძემ განაცხადა, რომ „კორუფციის პირამიდის სათავეში“ დგას პრეზიდენტი იმ ფაქტის გამო, რომ მის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ვერ ნახავ შესაბამის ბრძანებულებებს და "ვერ გაიგებ ფული რაში იხარჯება“.

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ეგვიპტისა და საქართველოს ერთმანეთთან შედარება „არაადეკვატური“ და „უსამართლოა“, რადგან ეგვიპტეში ამჟამად განვითარებული მოვლენები საქართველოში უკვე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ დროს. მისი თქმით, ამ ორ ქვეყანაში მოდერნიზაციაც სხვადასხვა ტემპებით არის განხორციელებული. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არის ორი სახის ოპოზიცია: შეურაცხადი და არაკომპეტენტური. მან ამ უკანასკნელს ქრისტიან–დემოკრატები მიაკუთვნა და განაცხადა, რომ "შეურაცხად ოპოზიციას არ ექნება არანაირი ვარიანტი, რომ ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს“.

Exit mobile version