საქართველოს საგარეო უწყება გმობს რუსეთის მიერ შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განთავსებას ცხინვალის რეგიონში, რაც ცხადყოფს, რომ "რუსეთი ამზადებს ღია სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ“.
24 იანვარს "ინტერფაქსმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა "Точка-У"–ს ტიპის ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსით აღჭურვილი დივიზიონი განათავსა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ მის სამხედრო ბაზაზე. დეკემბერში ცხინვალის სიახლოვეს განლაგებულ იქნა „სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონი.
საგარეო უწყების მიერ 24 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯები "წარმოადგენს პირდაპირ და აშკარა მუქარას საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ტერიტორიის მიმართ".
"აღსანიშნავია, რომ სწორედ "Точка-У" სისტემის გამოყენებით რუსეთის ფედერაციამ მთლიანად დაანგრია ქ. ბამუტი (ჩეჩნეთის რესპუბლიკა) და გაანადგურა ამ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა. აგრეთვე ამ სისტემის ბალისტიკურ რაკეტებზე შესაძლებელია კასეტური (50 ნაწილისაგან შედგენილი) და ბირთვული ქობინების დაყენება,"– ნათქვამია განცხადებაში.
“ამ ქმედებებით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისაკენ არის მიმართული და აგრეთვე მიზნად ისახავს ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციას კავკასიის, და მთლიანად შავიზღვისპირეთის რეგიონში,“– აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თბილისი ასევე "მკაცრად მოითხოვს“ საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, რათა აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს "აგრესიული ქმედებები“ და ასევე "აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ".