რუსეთის კონტროლის პალატამ აფხაზეთში ფინანსური დარღვევები გამოავლინა

რუსეთის კონტროლის პალატამ 2009–2010 წლებში სეპარატისტული აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ფარგლებში 346,8 მლნ რუბლის (დაახლოებით 11.5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით დარღვევა გამოავლინა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც 20 იანვარს გამოქვეყნდა და რომლის შემუშავებაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზი დეპუტატები, დარღვევები ძირითადად განპირობებულია საბიუჯეტო პროცესში არასაკმარისი ნორმატიულ–სამართლებრივი რეგულირებით, ასევე მთავარ განმკარგველებს, სახელმწიფო დამკვეთებს და მოიჯარე ორგანიზაციებს შორის ურთიერთქმედებაში არსებული პრობლემებით.   

მთლიანობაში 2009–2010 წლებში სოხუმმა 7.295 მლრდ რუბლის (დაახლოებით 243 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით რუსული საბიუჯეტო დახმარება მიიღო. რუსეთის კონტროლის პალატის მონაცემებით, აქედან 2.356 მლრდ რუბლი (დაახლოებით 78.5 მლნ აშშ დოლარი)  – 2009 წელს, ხოლო 4.939 მლრდ რუბლი (დაახლოებით 164.5 მლნ აშშ დოლარი)– 2010 წელს იქნა გამოყოფილი.

აუდიტის შედეგების გამოქვეყნებამდე რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინი სოხუმს სტუმრობდა. 12 იანვარს მასთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფმა გამოვლენილ დარღვევებზე ყურადღება გაამახვილა, თუმცა მან ასევე განაცხადა სოხუმი დამატებით 4.23 მილიარდ რუბლს (დაახლოებით, 140 მილიონი აშშ დოლარი) ელის რუსეთისგან 2010–2012 წლების ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში.

20 იანვარს რუსეთის კონტროლის პალატის წარმომადგენელმა სერგეი რიაბუხინმა განაცხადა, რომ აფხაზეთში გარკვეული ძალები ფინანსური შემოწმების შედეგების თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

“დაუშვებლად მივიჩნევ რუსეთის კონტროლის პალატის ჩათრევას პოლიტიკურ თამაშებში, რომლებიც აბსოლუტურად დესტრუქციულ ხასიათს ატარებს,“– იტყობინებოდა "ინტერფაქსი“ რიაბუხინის სიტყვებზე დაყრდნობით.

Exit mobile version