ევროკავშირი–საქართველოს სავიზო, რეადმისიის ხელშეკრულებები ძალაში მარტიდან შევა

ევროკავშირის საბჭომ 18 იანვარს საქართველოსთან გაფორმებული ორი ხელშეკრულება დაამტკიცა – ერთი სავიზო მიმოსვლის გამარტივების, ხოლო მეორე უკანონო მიგრანტთა რეადმისიის თაობაზე. 

ორივე ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებაც ევროპარლამენტმა დეკემბერში მოახდინა, 2011 წლის 1 მარტს შევა ძალაში, განაცხადა ევროკავშირმა სამშაბათს გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში

გაერთიანებული სამეფო და ირლანდია არ მონაწილეობენ სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულებაში; ხოლო ირლანდია და დანია არ მონაწილეობენ რეადმისიის ხელშეკრულებაში.

სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება საქართველოს მოქალეებისთვის ვიზის აღების პროცედურებს გაამარტივებს. ამავე ხელშეკრულების თანახმად, საკონსულო მოსაკრებელი ამჟამად არსებული 60 ევროდან 35 ევრომდე შემცირდება და გადასახადისაგან გათავისუფლდება პირთა გარკვეული კატეგორია, მათ შორის, 12 წლამდე ბავშვები, ევროკავშირში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უნარშეზღუდული პირები, მეცნიერები, სტუდენტები და ჟურნალისტები. ხელშეკრულების თანახმად, გადაწყვეტულება ვიზის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 10 კალენდარი დღის მანძილზე უნდა იქნას მიღებული.

რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად საქართველოს ხელისუფლებისთვის ვალდებულებებს და პროცედურებს განსაზღვრავს.

 

Exit mobile version