ლავროვი: რუსეთი დაიცავს საკუთარი მოქალაქეების ქონებრივ უფლებებს აფხაზეთში

რუსეთი დაიცავს თავისი მოქალაქეების ქონებრივ უფლებებს აფხაზეთში, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 13 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საკუთრების უფლებების აღდგენაზე მომუშავე აფხაზურ–რუსულმა კომისიამ გასული წლის მიწურულს გადაწყვიტა არ განიხილოს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების განაცხადები. 

ამ მიდგომას ოფიციალურმა თბილისმა "ფაშისტური“ და ეთნიკური წმენდის გაგრძელება უწოდა და დაგმო, როგორც რუსეთის მხრიდან "საკუთარი მოქალაქეების მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია“.

"მინდა ცხადად გავუსვა ხაზი, რომ ჩვენ ჩვენს რუს მოქალაქეებს ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით არ ვყოფთ, ჩვენთვის ყველა ჩვენი მოქალაქე ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფება, ჩვენ მათ უფლებებს სრულად უზრუნველვყოფთ,“ – იუწყება "რია ნოვოსტი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, რუსული მხარე „დაჟინებით მიიყვანს საქმეს იქამდე, რომ ყველა კანონიერი პრეტენზიები იქნას დაკმაყოფილებული“. ლავროვის ინფორმაციით, საკუთრების საკითხებზე მომუშავე კომისიამ განხილული ათობით საკითხიდან 20 საფუძვლიანად მიიჩნია.

 

Exit mobile version