აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული საქართველოს ეროვნული ინტერესების დარღვევის ხარჯზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
“არავითარი მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს ნაციონალური ინტერესების დარღვევის ხარჯზე. [ტერიტორიის] ერთი კვადრატული სანტიმეტრი არავის არ გადაეცემა შესაბამისი კომპენსაციის გარეშე,“ – განაცხადა მან 27 დეკემბერს წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე.
მისი თქმით, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ორმხრივი რეგულარული მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება, ვინაიდან ვერ მოხერხდა შეთანხმება "საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე“.
ორ ქვეყანას შორის საზღვრის 35% ჯერ კიდევ შესათანხმებელია, მათ შორის სადავო მონაკვეთია ის ტერიტორია, სადაც საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლი – "დავით გარეჯის” სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.