მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის "პომპეზური“ გახსნა, რომელიც ანალოგია ქუთაისში შარშან აფეთქებული "დიდების მემორიალის“, პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
"სრულიად უსაფუძვლოა მცდელობა [რუსეთმა] დაანახოს საზოგადოებას, რომ ქართული სახელმწიფო სათანადოდ არ აფასებს იმ გმირების ქმედებას და იმ დაღუპული პირების მონაწილეობას მეორე მსოფლიო ომში,“ – განაცხადა კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
მემორიალის გახსნა მოსკოვში 20 დეკემბერს იგეგმება. ამ ღონისძიებაზე დასასწრებად რუსეთის დედაქალაქს სტუმრობენ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, რომლებმაც ასევე მიიღეს მონაწილეობა, მაისში მემორიალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში.
2009 წლის 19 დეკემბერს ქუთაისში მემორიალის აფეთქების დროს, რომლის ადგილზეც ახალი პარლამენტის შენობა უნდა აიგოს, დედა–შვილი დაიღუპნენ. ამ აფეთქების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლებამ ანალოგიური ძეგლის მოსკოვში დადგმა შეუკვეთა.