პარლამენტმა ‘თავისუფლების ქარტია’ პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 75 ხმით, ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმცირესობიდან, დეპუტატ გია თორთლაძის საკანონმდებლო ინიციატივა  – "თავისუფლების ქარტია", რომელიც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, ლუსტრაციის დებულებებსა და საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრას ეხება. 

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან მხარი დაუჭირეს ინიციატივის "პრინციპებსა და სულისკვეთებას“, როგორც ეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის 28 ოქტომბრის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მეორე მოსმენისათვის შესაძლოა შეიცვალოს კანონპროექტის ცალკეული დებულებები.

პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ "საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, მოქალაქეებზე და პირებზე“ უცხოეთიდან იმ ფინანსური გადმორიცხვების კონტროლს, რომელიც 25 ათას ლარს აღემატება, ნაცვლად 10 ათასი ლარის, რაც თავდაპირველ პროექტში იყო გათვალისწინებული.

ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში "თავისუფლების ქარტია" ასევე ითვალისწინებს შსს-ს მიერ აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის სადგურების, მეტროპოლიტენის, სტრატეგიული ხიდების, ელექტროსადგურების, ”საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სხვა განსაკუთრებული ობიექტების” ვიდეო-სათვალთვალო კამერებით აღჭურვას და მათი დაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვას.

ასევე შსს-ს, საბაჟო სამსახურებთან ერთად კანონპროექტი ანიჭებს უფლებამოსილებას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით შემოსული ”საეჭვო” ტვირთების გახსნასა და დათვალიერებაზე; „სახელმწიფო და კომერციულ სამსახურებში არსებული ყოველდღიური ინფორმაცია“, კანონპროექტის მიხედვით, ასევე შსს–ში იყრის თავს. 

კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებული ”პირობითი საზღვრების” მონიტორინგს.

ე.წ. პატრიოტის აქტის ზემოთ ჩამოთვლილი დებულებების გარდა, "თავისუფლების ქარტია" მოიცავს ლუსტრაციის შესახებ კონცეფციასაც.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, უმაღლეს თანამდებობებზე არ შეიძლება მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის დროს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ლიდერები, ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტის მდივნები, საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარე. თუ ეს ადამიანები  თანამდებობებზე უკვე დანიშნულნი არიან, უნდა გადადგნენ  კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური კომისია მათ ვინაობასა და მონაცემებს, რომელიც კონფიდენციალურია, საჯაროს გახდის.

კომისიას, კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტი ქმნის და მასში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. აღნიშნული კომისია ახორციელებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ასეთ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ შესახებ კომისიაში დაცული ინფორმაცია საჯარო გახდება ამომრჩევლისთვის.

კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში კომისიას ასევე უნდა გადაეცეს მონაცემები საიდუმლო აგენტების საბჭოთა უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. კანონი მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

ლუსტრაციის თემატიკაზე მომუშავე კომისია იქნება ასევე უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილებები კომუნისტური თუ ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ქუჩების სახელწოდებების თუ სხვა იდეოლოგიის და პროპაგანდის მატარებელი საშუალებების აღმოფხვრის შესახებ და ასევე აწარმოოს მათი რეესტრი.

პავლე კუბლაშვილის შეფასებით, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება "ლოგიკური და თანმიმდევრულია“.

 

Exit mobile version